ახალი ამბები
ქალი ამწეზე - თამარ ლომიძე ხაშურიდან

თამარ ლომიძე 41 წელია ხაშურის დეპოში ამწეზე მუშაობს. მუშაობა 19 წლის ასაკიდან დაიწყო და ტვირთების გადაზიდვას ემსახურება. მისთვის ბევრი რამ შეიცვალა. ამბობს, რომ დღეს უფრო გაუმჯობესებულია ტექნიკა და ამწეს უფრო თავდაჯერებულად მართავს.

იხსენებს, რომ ძველ სავაგონო დეპოში მუშებს ბევრად მეტი დატვირთვა ჰქონდათ. ძირითადი სამუშაო ხელით უწევდათ.

,,19 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. მამაჩემი აქ მუშაობდა. სალოკომოტივო დეპოში მემანქანის თანაშემწე იყო. მამაჩემიც პენსიაზე აქ გავიდა. მეც უკვე 41 წელია ვმუშაობ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებას აქ გავატარებდი. თუმცა, ძალიან მიყვარს ჩემი სამუშაო" - ამბობს ქალბატონი თამარი.

მომავალი მეუღლე დეპოში გაიცნო. დაოჯახდა, შვილებიც ეყოლა და ყოველდღიური ცხოვრება უფრო მეტად დატვირთული გახდა:

,,ადრე უფრო მეტად ძნელი იყო მუშაობა. მეტი დატვირთვა გვქონდა. ასევე, მიწევდა ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა. ბაღიდან უნდა გამომეყვანა, შემდეგ სწავლა სკოლაში დაიწყეს. ვუთავსებდი ერთმანეთს სახლსაც და სამსახურსაც. დღეს უკვე დაოჯახებული არიან და მესამე თაობასაც ველოდები." - ამბობს თამარ ლომიძე.

იხსენებს, რომ ბავშვობაში დეპოს მუშებს ხშირად ხედავდა, რადგან სახლი სწორედ დეპოსთან ახლოს ჰქონდათ.

,,ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, ბავშვობაში ხშირად ვხედავდი დეპოს გამურულ მუშებს. ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი, რაღაც ემოცია მქონდა, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მთელი ცხოვრება აქ მომიწევდა მუშაობდა" - აცხადებს ქალბატონი თამარი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები