საოკუპაციო ხაზთან მდებარე 3 სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საგაზო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დიცში, ქორდსა და არბოში, 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სასმელი წყლის ქსელიც ეწყობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი, იგეგმება გარე განათების მოწყობა, ხოლო სოფელ არბოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგეგმილია მუზეუმის ეზოს მოპირკეთება და ბიბლიოთეკის აღდგენა.

სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახელობასაც შეხვდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები