როგორ დაიწყო კომუნისტური სახელების წაშლა გორის ქუჩებში
ფოტო: გორის ძველი ქუჩა, ავტორი ა. მურჰანოვი

,,მჯერა, სრულიად დამეთანხმება ქალაქის საზოგადოების უმრავლესობა, რომ თავად ბატონ ომარ ჩუბინიძე ქართული საქმეებით, იმსახურებს მიენიჭოს მისი სახელი ქალაქად არსებულ რომელიმე უბანს, მოედანს, ან თუნდაც უბრალოდ, სკვერს!“ - აცხადებს მწერალი ვაჟა შაქარაშვილი.

მწერლის ძალისხმევით, გორის ამჟამინდელ საკრებულოში, საკრებულოს წევრმა პაპუნა კობერიძემ მეჯუდას სანაპიროსთვის ომარ ჩუბინიძის სახელის მინიჭების თაობაზე, ინიციატივა წარადგინა.

ვაჟა შაქარაშვილი ამბობს, რომ ომარ ჩუბინიძის პრეფექტობის პერიოდში, გორში, კომუნისტური და ბოლშევიკური კვალის წაშლა დაიწყო. იგი გორის საზოგადოების გამოხმაურებას და მხარდაჭერას ელოდება. გორის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ინიციატივა უკან გაიხმეს, რადგან ომარ ჩუბინიძის გარდაცვალებიდან ჯერჯერობით არ არის გასული 20 წელი.

ქუჩების სახელების მოკლე უახლესი ისტორია

გორში, 1988-91 წლებში, ქალაქის საზოგადო საკრებულოსთან, არსებობდა ,, ქუჩების, მოედნებისთვის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელწოდებათა მიკუთვნების წინადადებათა შემმუშავებელი ექსპერტკომისია“.
ამ კომისიის წარდგინებით, 1988-91 წწ. გადაერქვა და მიენიჭა სახელწოდებები ქ. გორის შემდეგ ქუჩებს და მოედნებს:

1. საბჭოს ქუჩას - დავით აღმაშენებლის გამზირი
2. ლენინის ქუჩას - ერთობის ქუჩა
3. 26 კომისრების ქუჩას - მერაბ კოსტავას ქუჩა
4. კამოს - 1905 წლის რევოლუციის ქუჩას - დიმიტრი ამილახვრის ქუჩა
5. კიროვის ქუჩას - გრიგოლ რობაქიძის ქუჩა
6. ორჯონიკიძის ქუჩას - გორიჯვრის ქუჩა
7. მახარაძის ქუჩას - თამარ მეფის ქუჩა
8. ძნელაძის ქუჩას - ფარნავაზ მეფის ქუჩა
9. ლუქსემბურგის ქუჩას - ქეთევან წამებულის ქუჩა
10. კლარა ცეტკინის ქუჩას - უფლისციხის ქუჩა
11. კავშირის ქუჩას - 9 აპრილის ქუჩა
12. ჩელუსკინელების ქუჩას - ქრისტეფორე კასტელის ქუჩა
13. კომკავშირის ქუჩას - ნიკო სამადაშვილის ქუჩა
14. დიმიტროვის ქუჩას - გიორგი ბრწყინვალის ქუჩა
15. წითელარმიელთა ქუჩას - გორელ იუნკერთა ქუჩა.

წმინდაწყლის დასახლებაში ახალ ქუჩებს მიეკუთვნათ სახელწოდებანი: ალექსანდრე ნადირაძის ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, კონსტანტინე ელიოზიშვილის ქუჩა, გაბრიელ გვერდწითელის ქუჩა.

საბჭოს, გორკისა და ძნელაძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანს - ვერხვების მოედანი ეწოდა, სტადიონთან და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედანს - თავისუფლების მოედანი.

მდინარე მეჯუდას სანაპიროს დაერქვა 26 მაისის სახელობის სანაპირო, ხოლო გორის №5 საშ. სკოლას აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის სახელი მიეკუთვნა. რაც შეეხება კინოთეატრ „კომკავშირელს", სახელი მასაც შეეცვალა და „ივერია“ ეწოდა.

გორის პრეფექტის 1991 წლის №1 განკარგულებით, ქ. გორში მდებარე ლენინის ქუჩას სახელი გადაერქვა და ერთობის ქუჩა (ამჟამად, სამეფო ქუჩა) ეწოდა, ხოლო 26 კომისრის ქუჩას - ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელი დაენათლა. (გაზ. „გამარჯვება“, 1991 წ. № 19).

საზოგადო საკრებულომ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია ქალაქის უბნის ერთ-ერთ ქუჩას იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის, ქრისტეფორე კასტელის სახელი მინიჭებოდა, რომელმაც 1633 წელს გორის ციხის პირველი ჩანახატი შეასრულა.

,,საკრებულოში სისტემატურად მუშავდებოდა მასალები გორის ქუჩების ცნობარის შესადგენად...და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა გორში ისეთი აბსურდული სახელწოდების ქუჩები გვქონდა, როგორიც იყო კავშირის ქუჩა, საპროექტოს ქუჩა, სამკურნალოს ჩიხი, სკვერის ქუჩა... ამ დროს არ გვქონდა ფარნავაზის, დემეტრე თავდადებულის, სვიმონ მეფის, ქეთევან წამებულის, ერეკლე მეორის, დიდგორის, კრწანისის, ზედაველას ქუჩები...ველით თქვენს გამოხმაურებას, ძვირფასო გორელებო!“ - მიმართავს მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გორელებს.


ქვემოთ ფოტოზე: ვაჟა შაქარაშვილი, მწერალი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები