ახალი ამბები
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით, დანარჩენების წინაშე ლიდერები ვართ“ - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე. ის გუშინ რეგიონალური მოდის კვირეულს ესწრებოდა. ღონისძიების დამთავრების შემდეგ, შთაბეჭდილებები ვერ დამალა.

20 ივლისს, გორში, სტარტი აიღო ანტისაოკუპაციო, რეგიონალურმა Fashion Week-მა, სახელწოდებით ,,არა ოკუპაციას", სადაც მონაწილეობას გორელი დიზაინერებიც იღებენ: ნინო ქარქუსაშვილის, სოფიო ტუაევის, მარიამ პაპიტაშვილის, ნათია თხელიძისა და ხატია ბედინაშვილის კაბები მოდელებმა წარმოადგინეს.

ნინო ქარქუსაშვილის ერთ-ერთი კაბა წარმოადგენდა მშვიდობის ანგელოზს, ხოლო სოფიო ტუაევის სხვადასხვა ფეროვანი კაბა - ერთიანი საქართველოს სიმბოლოს. 

ღონისძიება გოგებაშვილის ქუჩაზე ჩატარდა,რომელიც მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მდებარეობს. სამოდელო ჩვენებებს შორის მუსიკალური ნომრები იყო ჩართული.
,,ტექნიკური მხარე საკმაოდ კარგი იყო. განათება, ხმა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ერთადერთი რაც თვალში მომხვდა, იყო ის, რომ არ იყო პოდიუმი. დანარჩენი იყო კარგად მომზადებული. მაინც ვფიქრობ, რომ გორს კიდევ უფრო მაღალი მოდის ჩვენება ეკადრება“ - ამბობს თეა კეჩხუაშვილი, რომელიც ია კიწმარიშვილის სამოდელო სააგენტოს ყოფილი წარმომადგენელია გორში და ამბობს, რომ საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ საქმეში.

გორელ დიზაინერების ნამუშევრებით აღფრთოვანებულია ,,კაფე 22“-ის მენეჯერი - შმაგი ბერუაშვილი. მას ვერც წარმოედგინა, რომ გორში ასეთი კაბები იკერებოდა:

,,ყველაფერ მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი კაბები იკერებოდა გორში. ეს მართლაც მოულოდნელი იყო ჩემთვის“ - ამბობს შმაგი ბერუაშვილი.

გორელ დიზაინერებთან ერთად რეგიონალურ ,,Fashion Week”-ის პირველ დღეს აზერბაიჯანელი დიზაინერი ელშად მეჰერემოვი, საკუთარი კოლექციით წარსდგა.

ფესტივალი 21 და 22 ივლისს გრძელდება. 21 ივლისს გორის თეატრში იმართება. ბავშვთა დიზაინერების წარდგენამდე მაყურებელს მხატვართა გამოფენა დახვდებათ. წარდგენილი იქნება ოლია ბრაგვაძის, ლიზი მამულაშვილის და ლაშა არსენიძის ნამუშევრრები. შემდეგ კი, ბავშვთა დიზაინერები - მარიამ გიგაური, ქრისტინე კაპანაძე, ანანო კახიძე და მარიამ შოშიაშვილი წარადგენენ ნამუშევრებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები