რობერტო მავანის გამო გორის ,,Fashion Week"-ზე პოლიცია გამოიძახეს
გორში, რესტორან ,,მზიურში" პოლიცია გამოიძახეს. რესტორნის წარმომადგენლებმა და ,,ფეშენ უიქის" ორგანიზატორებმა შენობიდან რობერტო მავანის გაძევება მოითხოვეს.

ფესტივალის ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა. გადაცემა ,,პოსტ-ტივის" გადამღები ჯგუფი პოლიციამ შენობიდან გაიყვანა. ფესტივალის დასკვნითი საღამო საბოლოოდ აღარ გაიმართება. 

დასკვნითი ღონისძიება გორის კულტურისა და დასვნების პარკში იყო დაგეგმილი. თუმცა, ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" მუშის დაშავების გამო, მერიამ ღონისძიების გადადება მოითხოვა. ორგანიზატორებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ნაწილი ითხოვდა, რომ ღონისძიება კულტურისა და დასვნების პარკში, ,,ახალბაღი" გამართულიყო. 

,,სამწუხარო ინციდენტის გამო, მერიიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ღონისძიება უნდა ჩაშლილიყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მუსიკალური ნომრები არ იქნებოდა. დარჩებოდა ძირითადი ნაწილი, რომელიც მთავარი გზავნილია ამ ფესტივალისთვის. ეს არის ,,არა ოკუპაციას" - აცხადებს ინგა სიორიძე.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების გადადება სთხოვეს მხოლოდ: ,,ვთხოვეთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება გადადებულიყო. ასევე, ვუთხარით, თუ ეს ფინანსურ პრობლემებს შექმნიდა, ტექნიკას დავუტოვებდით, თუმცა მერიიდან არავინ დაესწრებოდა. საბოლოოდ, თვითონვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რესტორან მზიურში წასულიყვნენ" - გვითხრეს მერიაში.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 17 საათზე, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე, ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომელი ,,ზილის" მარკის ავტომანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. მუშას ბანერი რეგიონალურ სამოდელო კვირეულზე მიჰქონდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები