გორის საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირების საკითხს თავმჯდომარე განიხილავს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა ამბარდნიშვილი ვარიანის მაჟორიტარი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ირმა ამბარდნიშვილმა qartli.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის კომიისს სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ გოგებაშვილმა აგინა და საცემად გაიწია.

„ავთო შოშიაშვილი რომ არ ჩამდგარიყო შუაში, მცემდა. მაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა. უახლოეს დღეებში საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მივმართავ და მოვითხოვ მიხეილ გოგებაშვილს შეუწყვიტონ უფლებამოსილება, ასევე, ვაპირებ პროკურატურაშიც შევიტანო განცხადება მის წინააღმდეგ. ვარიანის წარმომადგენელი ჩემმა კითხვამ გააღიზიანა და შეტევაზე გადმოვიდა. მე მას ვკითხე, თუ როგორ დაირეგისტრირა ,,28 მეასედი" მიწის ნაკვეთი ვარიანში და რატომ წაართვა კოკაურების ოჯახს? მე ვიცი, რომ ეს ტერიტორია გიორგი კანდელაკის ინტერესშია, საკრებულოს დეპუტატს კი იყენებს, იმისთვის უფრო და უფრო მეტი მიწა დაირეგისტრიროს. კოკაურებს იქ ხეხილის ბაღი ჰქონდათ გაშენებული. მძიმე ტექნიკით მოუსწორეს და ახლა სარწყავ წყალსაც აღარ აძლევენ. გოგებაშვილმა ეს ადგილი კანონსაწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად განმოყენების გზით დაირეგისტრირა და წაართვა გაჭირვებულ ოჯახს, საკრებულოს წევრის უკან კი, გიორგი კანდელაკი დგას. ამ მიწის ნაკვეთზე გიორგი კანდელაკმა გზა გაიყვანა, რომელიც მის საკალმახეებამდე მიდის.“ - აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.

ვარიანის მაჟორიტარი წარმომადგენელი, მიხეილ გოგებაშვილი აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთი, მას კანონის დაცვით, დაირეგისტრირა. ,,მე, როგორც ადგილობრივი მკვიდრი, მეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივად, ნორმა შემისრულდა, რომელიც ყველა მოსახლეზეა გათვალისწინებული. მინდა ისიც ვთქვა, რომ ეს მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ვინმეს საკუთრებას. ის იყო აუთვისებელი. უბრალოდ, სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. მანამდე ნებისმიერს შეეძლო მისი დარეგისტრირება" - აცხადებს მიხეილ გოგებაშვილი.

შეგახსენებთ, qartli.ge გუშინ წერდა, რომ საკრებულოს წევრებს შორის კომისიის სხდომის დამთავრებისას სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

იხ. ამავე თემაზე:

,,ვინ არის კარგმო.....ლი?!" - დაპირისპირება გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები