გორის სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს
გორის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი წარდგენილია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. დღეს ის იუსტიციის საბჭოს წევრებმა დაკითხეს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი, როდესაც მარსაგიშვილს პრაქტიკიდან გამომდინარე, კითხვები პოლიციელების ჩვენებებისა და დანაშაულის პროვოკაციის შესახებ, ჰკითხეს.

ნიკოლოზ მარსაგიშვილის შესახებ

ნიკოლოზ მარსაგიშვილი გორის სასამართლოს თავმჯდომარედ 2008 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის მანამდე პროკურატურაში მუშაობდა. მის შესახებ ვრცელი ბიოგრაფია იუსტიციის საბჭოს ვებ-გვერდზე დევს.

2008 წლის 17 ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე 667 საქმე განიხილა. ანუ 661 დღის განმავლობაში ყოველდღიურად, ერთი საქმე. განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების 90,9% ძალაში დარჩა. გაუქმდა, მხოლოდ, 9,1%. ის 2008 წლის 26 მაისს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

ნიკოლოზ მარსაგიშვილის ბიოგრაფიული მონაცემების გარდა, საბჭოს წევრებმა, ის საგაზეთი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს, რომელიც მის შესახებ მომზადდა, მათ შორის, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მასალები საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით (2010 წელს, ვარიანის საარჩევნო უბნის დარღვევებთან დაკავშირებით), ასევე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ.

საბჭოს წევრებმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნის მიზნით, კითხვებითაც მიმართეს. მათ შორის, პოლიციელთა ჩვენებებისა და დანაშაულის პროვოკაციის შესახებ

გთავაზობთ, ამ კონკრეტულ საკითხზე სრულ ტექსტურ ვარიანტს, სტილი დაცულია.

კითხვა-პასუხი პოლიციელთა ჩვენებებისა და დანაშაულის პროვოკაციის შესახებ

საბჭოს წევრი - ,,მაგალითად, აცხადებს განსასჯელი, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ნარკოტიკი ჩაუდეს ან იარაღი. გასაგებია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გასაგებია მტკიცებულებათა ერთობლიობა, მაგრამ პირობითად ავიღოთ, პოლიციელთა ჩვენება. თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში და რა სტანდარტს იყენებთ ასეთ დროს, ისევე, როგორც დანაშაულის პროვოკაციის დროს?

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - ,,დანაშაულის პროვოკაცია არის თუ არა, ამ შემთხვევაში, ძირითადად, დასადგენია. ძალიან ძნელია, პირდაპირ, ვთქვა - რა სტანდარტს, ანუ კონკრეტული საქმის განხილვისას, გვიწევს შეფასება. და, ალბათ, უფრო შინაგანი რწმენა მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების დროს. იმიტომ, რომ როგორც წესი, არის ერთი ბრალდებულის ჩვენება, არის ამოღების ოქმი და პოლიციელების ჩვენება. ეს არის სტანდარტი, რომლის იქით, ძალიან იშვიათადად, რომ რაიმე მტკიცებულება არსებობდეს.

საბჭოს წევრი - აი, როგორ არის სასწორის პინაზე? თუ არაფერი არ არის სხვა ირიბი მტკიცებულება და არის ორი პოლიციელის ჩვენება და განსასჯელის არგუმენტი?

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - ,,მე მქონია შემთხვევა...

საბჭოს წევრი - ,,დიახ, პრაქტიკაში უფრო მაინტერესებს?

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - ,,მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან ადვილად მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ დამნაშავედ ვცანი, იმიტომ, რომ იყო პოლიციელის ჩვენება; იყო ამოღების ოქმი, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებს. საპროცესო ნორმების შესაბამისად იყო შედგენილი; არ იყო განსხვავება პოლიციელების ჩვენებებში; არც იდენტური ჩვენებები იყო, რომ, სიტყვაზე, ისინი რაღაცას იმეორებდნენ დაზეპირებულს.

საბჭოს წევრი - ,,საერთაშორისო სტანდარტი ხომ არ გახსოვთ? პოლიციელის ჩვენება და ბრალდებულის ან განსასჯელის ჩვენების ურთიერთმიმართება როგორ არის?

ნიკოლოზ მარსაგიშვილი: - ,,პოლიციელის ჩვენება, მე რამდენადაც მახსოვს, შესაძლებელია სცდებოდეს, ანუ გარკვეული ნდობით სარგებლობს წინასწარ...რაც შეეხება დამალული დანაშაულის პროვოკაციას, როგორც მახსენდება ეხლა, მე მგონი ,,ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის სასამართლო....

საბჭოს წევრი - ,,აი, ამ ფონზე, სად არის აგენტ-პროვოკატორი და სად არის ჩვეულებრივად, ოპერაცია, რომელიც აუცილებელია, რადგან ვერ გამოავლენ ჰო, დანაშაულს? როგორიც ქრთამია მაგალითად, ჭოხონელიძის შემთხვევაში. რას აკეთებს მოსამართლე ამ დროს?

(ამ დროს საუბარში საბჭოს სხვა წევრი ერთვება, რომლის მიკროფონი გამორთულია და არ ისმის - რედ)

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - ,,სამართალდამცავთა მოქმედება ლეგიტიმური ხდება, როდესაც ისინი მიიღებენ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ. როგორც მახსოვს, ჭოხონელიძის საქმეში იყო ის გარემოება, რომ სახელმწიფომ, ანუ ეროვნულმა სასამართლომ ვერ დაადასტურა, რომ ეს ქალბატონი, რომელმაც ფული მისცა ჭოხონელიძეს, იყო თუ არა, ან თანამშრომლობდა თუ არა სამართალდამცავ ორგანოებთან; არ იყო დადგენილი, თვითონ მიაწოდა ქალბატონმა ეს ინფორმაცია თუ, ასე ვთქვათ, პოლიციელებმა სთხოვეს მას ასეთი ინფორმაციის მოპოვება.

საბჭოს წევრი - უბრალოდ, მნიშვნელოვანი იყო განზოგადება. რა მომენტიდან უნდა ჩაერთოდ, თუნდაც ხელოვნური მხარე იმისა, რომ რეალურად დარწმუნდეს...ზღვარი სად არის? გავიგეთ, რომ ადამიანი მექრთამეა; ბევრ ადამიანს ფულს სძალავს და იგეგმება ოპერაცია და იქმნება ხელოვნურად წაქეზების მხარე. აი, ეს შეიძლება ჩაითვალოს გამოვლენის მხარედ? თუ მივა ადამიანი, ეტყვის, რომ მინდა კონკრეტული სიკეთე, რისთვისაც გადაიხდის ფულს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის აგენტ-პროვოკატორი, - ეს ჩაითლება დანაშაულად?

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - ,,ეს, რამდენადაც, მე მახსოვს, არის პროვოცირება დანაშაულის.

საბჭოს წევრი - ,,როდის უნდა ჩაერთოდ, რა მომენტია უფრო ლეგიტიმური და პროპორციული სახელმწიფოს ჩარევისა, რომ გამოვლინდეს რეალური დანაშაული.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - ,,რა მომენტიდან უნდა ჩაერთოდ გამოძიება?

საბჭოს წევრი
- ,,კი“

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - ,,მე ვფიქრობ, რომ როდესაც, არა მხოლოდ, პირველი ფაქტის გამო არის განცხადება ამ პირის მიმართ, არამედ გარკვეული შემოწმების და ინფორმაციის... ინფორმაციულ სამუშაოებს ატარებენ გამოძიების ორგანოები; როდესაც დარწმუნდებიან, რომ ამ პირის მოქმედება არის კორუფციული, შესაძლებელია უკვე მანდ განახორციელონ ეს მოქმედება. აი, ზუსტად არ მახსოვს.

საბჭოს წევრი - ანუ კონკრეტული დანაშაული რომ მიიყვანონ ბოლომდე და არა ხელოვნურად შექმნან. მეტი კითხვა არ მაქვს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები