გორში ჩოგბურთის კორტების აღდგენას ითხოვენ
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჩოგბურთის კორტები რეაბილიტაციას მოითხოვს. ამის შესახებ საკრებულოს კომისიის სხდომაზე, კომბინატის დასახლების წარმომადგენელმა, ხვიჩა ხიხალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წერილობითი განცხადება როგორც კულტურისა და სპორტის სამსახურში, ასევე, გორის მერის სახელზეც დაწერა: ,,ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, თუ როდის შეიძლება მოგვარდეს კორტების პრობლემა" - განაცხადა უბნის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა.

მან კორტების რეაბილიტაციის საკითხი გორის მერიის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელს, თეა კეჩხუაშვილს დაუსვა:

,,ამ საკითხს ჩვენი სამსახურის ვერც ერთი წარმომადგენელი მოაგვარეს. გინდაც სამსახურის უფროსი ყოფილიყო აქ, პასუხს ვერ გაგცემთ" - განაცხადა თეა კეჩხუაშვილმა.

,,აბა, ვის მივმართოთ?" - ჰკითხეს სპორტის განყოფილების უფროსს.



,,ვის უნდა მიმართოთ და ერიკოს უნდა მიმართოთ" - უპასუხა თეა კეჩხუაშვილმა. - ,,ან გუბერნატორს".

,,გუბერნატორს რატომ უნდა მიმართოს, ბიუჯეტს ჩვენ ვადგენთ" - დიალოგში ჩაერია საკრებულოს კიდევ ერთი წევრი თამარ მურალოვა.

საბოლოოდ, უცნობი დარჩა, თუ ვის უნდა მიმართონ კორტების დასახმარებლად საკრებულოს წევრებმა.

გორში, ჩოგბურთის კორტებს, რესტავრაცია 2010 წელს გაუკეთდა. სამუშაოები იმდენად უხარისხოდ შესრულდა, რომ გამოსაცვლელი ოთახები რამდენიმე თვეში დაზიანდა. მოიშალა წყლის გაყვანილობა. ამის თაობაზე რეპორტაჟი qartli.ge-მ ჯერ კიდევ 2013 წელს მოამზადა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები