გორში, ბოლო წლების განმავლობაში, გველის მიერ, ადამიანის დაკბენის
ფაქტი არ ფიქსირდება.
ამის შესახებ qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცენტრის დირექტორი, მარიამ გიუნაშვილი ამბობს, ფაქტის
დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი პრეპარატი მარაგში აქვთ.
მისივე ინფორმაციით, „პოლივალენტური“ შრატი მათთან, საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრში და „გორმედში“ ინახება.
ვაქცინა ,,ანტიგიურზინი“ კი, გორის სამედიცინო დაწესებულებებში არ
არის.
„ერთი შრატი „გორმედშია“, ვინაიდან, აღნიშნული კლინიკა ყველა ასაკის
პაციენტისთვისაა განკუთვნილი. რაც შეეხება მეორე ვაქცინას, ჩვენთან,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინახება. საჭიროების შემთხვევაში,
ანტიგიურზინის შემოტანაც არ იქნება პრობლემა თბილისიდან,“-აცხადებს
გიუნაშვილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმასაც ამბობენ, რომ ბოლო წლების
განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გველს ადამიანისთვის არ
უკბენია.
გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გია ედიშერაშვილის
ინფორმაციით, ლიტერატურული მონაცემებით გიურზა მცხეთასთან არის
დაფიქსირებული თუმცა, ამის ფაქტობრივი მონაცემი არ არსებობს.
მისივე თქმითვე, გორის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ქვეწარმავლის
სხვა სახეობები, მათ შორის არის შხამიანი გველებიც.
„გველის სხვადასხვა სახეობას ვხვდებით ჩვენს რეგიონში. მაგალითად
გორში, კვერნაკის მთაზე გავრცელებული არის „კატისთვალა“, რომელიც
პირობითად არის შხამიანი. ასევე შხამიანია ცხვირქოსანი გველგესლა,
რომელიც გვხვდება „თრიალეთის“ ქედზე, ტანას ხეობაში. ასევე არის
ამიერკავკასიური, წენგოსფერი მცურავი, წითელმუცელა მცურავი და ორი
სახეობის ანკარა. რაც შეეხება გიურზას, გიურზა მხოლოდ ლიტერატურული
მონაცემებით, ისიც მცხეთასთან არის დაფიქსირებული მაგრამ, ამის
ფაქტობრივი მონაცემები არ არის,“-გვეუბნება ედიშერაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები