ახალი ამბები
კავთისხევში ქვემო ჩოჩეთის უბნელები სასმელ წყალს 2 დღეში ერთხელ ელოდებიან
კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში წყალი 2 დღეში ერთხელ მიდის, ისიც 1 ან ორი საათით. ეს ის უბანია, რომლის მოსახლეობა კასპის მერიამ დაამშვიდა: ,,ფერისცვალების შემდეგ იქნება წყალიო".

აღნიშნულ დასახლებაში Qარტლი.გე მოსახლეობის თხოვნით ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობამ მერის შეთავაზება უკვე იცოდა.

,,აქ წყლის დონის მომატებაზე არაა საუბარი. ავზი ისედაც სავსვეა. უბრალოდ, წყალი არ ნაწილდება თანაბრად. ჩვენი უბანი კავთისხევით ქვედა მხარეს მდებარეობს. ავზიდან მომდინარე წყალი რამდენიმე უბანს გაივლის და ჩვენამდე არ აღწევს" - აცხადებენ ქვემო ჩოჩეთის უბნელები.

მას შემდეგ, რაც სოფლის მოსახლეობამ მედიის საშუალებით პროტესტი გამოთქვა, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვემო ჩოჩეთში არ გამოჩენილან.

კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ კავთისხევში, ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყლის სიმცირე გვალვის პერიოდს უკავშირდება:

„19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“- თქვა მანუჩარ მერებაშვილმა.

კასპის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, აჩიკო გიგოლაშვილი განმარტავს, რომ პრობლემა თავად კავთისხეველებმა უნდა მოაგვარონ:

,,ზოგ ოჯახში ამ წყლით ნაკვეთებს რწყავენ. ეს თვითონ სოფლელებმა უნდა დაარეგულირონ" - აცხადებს აჩიკო გიგოლაშვილი.

ჩოჩეთის უბნელები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის სიმცირისა, ყოველთვიურ გადასახადს 1 ლარის ოდენობით თითო სულზე, მაინც იხდიან. 

,,იმ ავზი წყალი მდინარე კავთურადან ივსება, ან როგორ ვსვამთ იმ წყალს" - ამბობენ ადგილობრივები.




Print

სტატიის გამოყენების პირობები