გორის ქუჩებს რუსული მანქანები წმენდს
კომპანია ,,სტრადა" ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუ სად შეიძინა რუსული წარმოების სპეცტექნიკა. ,,დღეს ვერ გიპასუხებთ" - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის ოფიციალური მონაცემები ხელშეკრულებაშია მითითებული.

ეს ხელშეკრულებები კი გორის მერიამ და სატყეო სააგენტომ გააფორმა. მერიისა და ეროვნული სატყეო დეპარტამენტის მიერ შეძენილი მანქანები რუსული წარმოების აღმოჩნდა.

მწარმოებელი ქვეყანა და ბრენდის გრაფაში მითითებულია ,,რუსეთის ფედერაცია/GAZ Group". აღნიშნული კომპანია ე.წ. გორკის ავტოქარხნითაა ცნობილი.

„ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი, სამი ერთეული მცირე და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს ,,სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა. „კეთილმოწყობის სააგენტოს“ მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Gaz Group-ი რუსეთის 7 რეგიონში 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერია.

,,ჯგუფის ფლაგმანი პროდუქტი ახალი თაობის კომერციული ავტომობილი GAZelle Next-ია, რომელიც 20-30%-ით იაფია კონკურენტებზე, ექსპლუატაციის პირობებითა და ტექნიკური პარამეტრებით კი ღირსეულ კონკურენციას უწევს მათ. GAZelle Next-ის მოდელები განსაკუთრებით გამოირჩევა მუნიციპალური, კომუნალური და სპეციალიზებული მოდიფიკაციებით." - აღნიშნულია კომპანიის მიერ 2014 წელს გავრცელებულ განცხადებაში. ამ ჯგუფის პრეზენტაცია, სწორედ, 2014 წელს გაიმართა თბილისში.

სტრადა ჯგუფის შესახებ ინფორმაცია: სტრადა ჯგუფი, საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები