ქვიშხეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ 60 მუშა სამსახურიდან წავიდა
უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და გაფიცულ მუშებს შორის. შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცულმა მუშებმა განაცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან წავიდნენ.

დღეს დილით ქვიშხეთის გვირაბში მომუშავე მუშებმა შესასვლელი გადაკეტეს. 20 წუთის განმავლობაში მანქანებს ობიექტზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

მოგვიანებით, მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ეს შეხვედრაც უშედეგოდ დამთავრდა. შუადღეს კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" წარმომადგენლებმა განცხადებაც გაავრცელეს.

განცხადებაში წერია, რომ მუშებს საკუთარი მოთხოვნების შესახებ კომპანიისთვის წერილობით არ უცნობებია და ასევე, ბევრად აღემატება მათი დღიური ხელფასი იმ თანხას, რომელსაც გაფიცულები ასახელებენ.

"შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი"-ს მუდმივმოქმედი ფილიალის დასაქმებულები 2019 წლის 3 აგვისტოდან უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და არ გამოდიან სამუშაოზე. დასაქმებულები განმარტავენ, რომ არიან გაფიცულები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათ კომპანიისთვის წერილობით არ მოუმართავთ და არ განუხორციელებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

დასაქმებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვებულებებთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე ითხოვენ ხელფასის მომატებას. კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, მათ შორის შვებულებასთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ხოლო ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებს შევთავაზეთ რამდენიმე ვერსია სახელფასო სისტემის დაანგარიშებისათვის.

მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად მოქმედი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ისე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება. რაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დღიური ანაზღაურების - 20 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები