ახალი ამბები
სოფელი ცემენტის მტვერში
კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე კირქვის კარიერი ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. სატვირთო ავტომანქანების გახშირებული მოძრობა ე.წ. კარიერის დასახლებას ცემენტის მტვერში ხვევს.

მოსახლეობა, რომელიც ამჟამად 7 კომლისგან შედგება, ადგილობრივ მთავრობას დახმარებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გზის გადაკეტვას გეგმავენ.

მათი თქმით, ქარხანა მუშაობის ყველანაირ ნორმებს არღვევს. ქვის გადაზიდვის დროს სატვირთო მანქანა არ არის გადახურული სპეციალური დამცავი ბადით და შესაძლებელია ქვის ცვენის დროს ადამიანი დაშავდეს. ადგილობრივები ასევე ითხოვენ   1 კმ. გზის მოასფალტებას და მორწყვას.

,,2 წელიწადია ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოგვაქციონ ყურადღება, დაავადმყოფდით მოსახლეობა. გარეთაც და სახლშიც ისეთი მტვერია გაუსაძლისია ცხოვრება. რატომ უნდა იყოს მტვერი, ხომ არის საშუალება დააგონ გზა და ცოტა ამოვისუნთქოთ ჩვენც. ხმაურს ხომ ვიტანთ ჯანდაბას ჩვენი თავი, მაგრამ მტვერი? დასაგებია ასფალტი, ნახევარზე დააგეს, ნახევარი მიატოვეს. ექიმი მოვიდეს და ნახოს, აქ ცხოვრება თუ შეიძლება. თუ გზა არ გაკეთდება, ერთ მანქანასაც კი აღარ გავატარებთ.“-ამბობს ნათელა იმედაშვილი.

,,საშუალება არ გვაქვს, რომ სხვა ადგილზე გადავიდეთ საცხოვრებლად. ორი არასრულწლოვანი ბავშვი მყავს, გარეთ ვერ გამომყავს ისეთი სისწრაფით დადიან და ისეთ მტვერს აყენებენ სატვირთო მანქანები. რამდენჯერმე მივმართეთ ქარხნის წარმომადგენლებს, გზაც გადავკეტეთ, გვეუბნებიან გავაკეთებთო, მაგრამ არ აკეთებენ.“- ამბობს ნათია აშალოვი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები