ახალი ამბები
,,ჩემი ცხოვრება 30 ლარით გაუმჯობესებულა" - მარტოხელა ციური ქსოვრელი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუმცირეს. 60-ლარიანი დახმარების ნაცვლად, წელიწადზე მეტია, 30 ლარს იღებს.

ამბობს, რომ დახმარების შემცირების მიზეზად ცხოვრების დონის გაუმჯობესება დაუსახელეს. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა თანხის შემცირება ცხოვრების დონის გაუმჯობესებას არ უკავშირდებოდეს:

,,როგორც ჩანს, ამ ქალბატონს, ხელმეორედ გადამოწმების დროს, მაღალი ქულები მოუვიდა. ადრე თუ იღებდა 60 ლარს, გამოდის, რომ ახალი კრიტერიუმებით, ის ამ დახმარების მიმღებ კატეგორიას აღარ ეკუთვნის" - გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

კატეგორიები ასე ნაწილდება:

,,არის 60-ლარიანი, 50-ლარიანი, 40-ლარიანი და 30-ლარიანი დახმარებები. რატომ შეიმცირდა ასე მკვეთრად დახმარება, ამის მიზეზს ზუსტად ვერავინ გეტყვით. დეკლარაცია შეივსო და იმის მიხედვით, დადგინდა ქულები" - განმარტავენ კასპის სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ციური ქსოვრელი კი, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყოველდღიურად არაფერი უმჯობესდება:

,,პირიქით, უკან-უკან მივდივარ. თან ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიუარესდება. ვერ ვიგებ, რატომ მომიხსნეს დანარჩენი 30 ლარი. რა გაუმჯობესდა ჩემ კარ-მიდამოზე, მითხრან" - ამბობს ციური ქსოვრელი.

მას შვილი წლების წინ დაეღუპა: ,,ჩემი ბიჭი 16-წლის იყო, როცა დაიღუპა. მყავს მეორე შვილიც, გოგო, რომელიც გათხოვილია სხვაგან და თავისი ოჯახი აქვს. სოფელში კი, მარტო ვარ" - ამბობს ქალბატონი ციური.


Print

სტატიის გამოყენების პირობები