ახალი ამბები
ლარისა გაზაშვილი გორიდან - პირველი დაბომბვის მსხვერპლი
გორში, 11 წლის წინ, 8 აგვისტოს პირველი ბომბი კომბინატის დასახლებაში ჩამოაგდეს. მეშვიდე სკოლასთან რეზერვისტები იყვნენ შეკრებილნი. იქვე, ხახუტაშვილის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებელია.

სახლში, სადაც ათეულობით ოჯახი ცხოვრობდა, სიმშვიდე იყო. ზოგი ბინაში ფუსფუსებდა. ზოგი ეზოში იყო შეკრებილი. მეზობლები საუბრობდნენ და უყურებდნენ მოძრავ ავტობუსებს, სადაც რეზერვისტები ისხდნენ.

ლარისა გაზაშვილიც ეზოში იმყოფებოდა. მეზობლებთან მიმოზა ლოცულაშვილთან და მაია ქურთაულთან ერთად, ქვეყნის ამბებზე საუბრობდა:



,,კი ვხედავდით ამოდენა ჯარისკაცებს, მაგრამ რეალურად არ ვიცოდით, რა ხდებოდა. მე ვიყავი, მიმოზა ლოცულაშვილი და მაია ქურთაული. იყვნენ ასევე ხეობიდან ჩამოსული სტუმრები. უცბად, ჩემმა ბიჭმა დამიძახა. დედა დაწექიო. თურმე თვითმფრინავი გამოჩენილა. ვერც კი მოვასწარი ძირს დაწოლა. ეგრევე გადამაგდო ტალღამ გვერდით. საერთოდ, ტკივილი არ მიგვრძნია. უბრალოდ, ვხვდებოდი, რომ ფეხი აღარ მემორჩილებოდა. მიმოზას ფეხზე მოვკიდე ხელი, არ მოკვდე, მიმოზა-მეთქი. თურმე უკვე გარდაცვლილი იყო. ბეჭებში მოხვედრია ანასხლეტი. მერე მოვიდა ავტობუსი და ჰოსპიტალში წამიყვანეს. ფეხი დაფლეთილი იყო და ამპუტაცია გამიკეთეს" - ამბობს ლარისა გაზაშვილი.

,,მაღაზიებში სულ სკოჩებს ვყიდულობ, რომ დაზიანებული ბუდე გავამაგრო. ერთ მხარეს ამპუტაცია გამიკეთეს. ხელოვნური ფეხით დავდივარ. ბუდეს რეგულარულად გამოცვლა ჭირდება."



მაია ქურთაული და მიმოზა ლოცულაშვილი მძახლები იყვნენ. მაია გადარჩა. ის რეზერვისტებმა მშვიდობის ქუჩისკენ ხელით წაიყვანეს და საავადმყოფოში წასაყვანად მანქანაში ჩასვეს.

საერთო საცხოვრებელი კი, მთლიანად დაინაგრა. ცირა ხუროშვილმა დედა – ვერა კეკოშვილი, ძმის შვილიშვილი – 13 წლის მერაბ კეკოშვილი და ნათესავები დაკარგა გორის დაბომბვის დროს. თავად გორში არ იყო, მაგრამ მეზობლებისგან შეიტყო ტრაგედიის დეტალები. დედამისის ბინაში იმ დღეს 4 ადამიანი დაიღუპა.

„დაბომბვის დროს ჭურვები დედაჩემის და ჩემი ძმისშვილის სახლს მოხვდა. დედაჩემთან იმ დროს სტუმრები იყვნენ თამარაშენიდან, მამიდაჩემი და მამიდაშვილის მეუღლე. სახლში ყოფილან ჩემი ძმის შვილიშვილებიც – მერაბი და ლიკა. ყველანი ერთად იყვნენ და ჭამდნენ. ამ დროს მოხდა აფეთქება და ყველანი დაიღუპნენ, ლიკას გარდა. ლიკამ კი მძიმე დაზიანებები მიიღო, დამწვარი იყო. თვალები დამწვრობისგან დახუჭული ჰქონდა. რომ შევედი პალატაში, ლამის გული გამისკდა. სახე, ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა. მთელ ტანზე „ასკოლკები“ ჰქონდა. ვერც ერთი მათგანის სხეული ვერ ვიპოვეთ, დედაჩემის მხოლოდ ერთი ფეხი დავმარხეთ და ჩემი ძმის შვილისშვილის ასევე ფეხი კოჭის ქვემოთ. ეს სხეულის ნაწილები, ვიდრე მე გორში ჩამოვიდოდი, ჩემმა ძმისშვილმა მურმანმა დამარხა იქვე, სახლის წინ, ეზოში. როგორც მერე გავიგე, ჭურვი ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც ეს ხუთივენი ისხდნენ და ამიტომ მათი ცხედრებიც კი ვერ ვიპოვეთ, სულ დაიშალა ალბათ სხეული და გაიფანტა აქეთ-იქით.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები