ახალი ამბები
ომის ფოტოისტორია - ზაზა და თამაზ გოგიშვილები ზემო ხვითიდან
ბატალიონი ,,ვოსტოკი" ცხინვალიდან ზემო ნიქოზის მიმართულებით დაიძრა. ეს ომის დაწყებიდან მესამე დღეს მოხდა. ნიქოზის შემდეგ, ტანკები ზემო და ქვემო ხვითს მიუახლოვდნენ. მიწის ნაკვეთები და ყანები გადაიარეს.



სოფლის შესასვლელში თამაზ და ზაზა გოგიშვილებს წააწყდნენ. გოგიშვილები მშობლიურ სოფელში იმყოფებოდნენ, ხოლო იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის საკვები და წყალი მიჰქონდათ. ქართველი ტყვეების ამსახველი ფოტომასალა რუსმა ჟურნალისტმა არკადიბაბჩენკომ გადაიღო.



შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ზაზა გოგიშვილი 11 წლის წინანდელ ვითარებას იხსენებს.

,,ფოტო აქედან დაახლოებით ორ კილომეტრშია გადაღებული. არხის ხიდზე გაგვიყვანეს და შემდეგ ზემოთ წაგვიყვანეს. მინდორზე ვყავდით, არხის პირას. ფოტოზე არიან რუსი და ჩეჩენი ჯარისკაცები, ოსები არ იყვნენ. ჩეჩნები, რუსები და კაზაკები იყვნენ. ფოტოზეც ჩანს, ჩემს ბიძაშვილს არხის წყალს ასმევდნენ. არხში ჩავიდოდნენ, ბოთლით ამოიღებდნენ ლაფიან წყალს და ის მოჰქონდათ. სოფელში ვიმყოფებოდი 8, 10, 11 აგვისტო, დავდიოდით, ვუვლიდით მოხუცებულებს. ხან პური შემოგვქონდა, სოფელში დარჩენილებს ვაჭმევდით. ამიყვანეს 11 აგვისტოს, ასე 11 საათზე დილით, აქვე დამაბინავეს ბინაში. ცოტა ხნის მერე ხელები და ფეხები შეგვიკრეს და ხტუნაობით გამოგვიყვანეს. შემდეგ ტანკებზე შეგვყარეს და მინდორში გაგვიყვანეს.“ იხსენებს ზაზა გოგიშვილი.
ყოფილი ტყვე აცხადებს რომ რუსეთის ჯარისკაცები მათ სასტიკად ეპყრობიოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სიგარეტის ნამწვს სხეულზე აქრობდნენ.

,,ავტომატის კონდახით, წიხლით გვცემდნენ. ფეხებით გვდგებოდნენ, სიგარეტის ნამწვს გვაყრიდნენ ზევიდან, „მაიკა“ სულ ამომწვარი იყო. გადავტრიალდებოდი და ისე ვაგდებდი სიგარეტის ნამწვებს ჩემი სხეულიდან. თან გვცემდნენ და თან ჯარს კითხულობდნენ, სად არის ჯარიო“ - გვიყვება ზემო ხვითის მკვიდრი.


ზაზა გოგიშვილის თქმით, ტყვეობის მეორე დღეს ის და მისი ბიძაშვილი ცხინვალში წასაყვანად გაამზადე, თუმცა ავნევთან მისულები მოაბრუნეს და სოფელ ვარიანის მეურნეობისკენ წაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

„დილით, გამთენიისას წაგვიყვანეს სამხიდიანი „კამაზით“, წაგვიყვანეს ავნევისკენ, იქიდან უკან წამოგვიყვანეს და მინდორ-მინდორ ვარიანის მეურნეობისკენ წაგვიყვანეს. თან გვეკითხებოდნენ თუ რომელ სოფელში ვიყავით და ჯარი სად იყო განლაგებული. ჩავედით ვარიანის მეურნეობაში საღამოს მოფრინდა ვერტმფრენი და გადმოვიდა გენერალი. გენერალმა გვითხრა, ახალ გაგიშვებთ კიდე თუ დაგიჭირეთ მერე უკვე დაგხოცავთო. შიშით წამოვედით მერე ისევ მეურნეობაში მივედით აქაური კაცი ცხოვრობს ერთი იქ, ღამე იმასთან გავათენეთ სიბნელეში აღარ ვიმგზავრეთ შეგვეშინდა არ დავეჭირეთ“ - აცხადებს ზაზა გოგიშვილი.


იხ. ვიდეო


Print

სტატიის გამოყენების პირობები