გორთან ახალი სამგზავრო ავტობუსები გამოჩნდა
მუნიციპალურ ქალაქებს კიდევ 3 ერთეული სამგზავრო ავტობუსი შეემატა. გორთან ახალმა ავტობუსებმა ავტობანზე გუშინ ჩაიარა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლის ცნობით, ჯერ-ჯერობით, ეს ის ავტობუსები არაა, რომლებიც რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ცნობილია, საქართველოს 5 დიდ ქალაქს, მათ შორის, გორს 10 მეტრიანი ავტობუსებს შეიძენენ. პროგრამა EBRD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

,,ჯერ მიმდინარეობს კვლევა და შემდეგ გაირკვევა, რომელ მუნიციპალიტეტს რამდენი ავტობუსი ჭირდება" - გვითხრეს პრეს-სამსახურში. პროექტის ღირებულება 19 მილიონი ლარია და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამაში წერია, რომ ახალ ავტობუსებს გორის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ფოთისა და რუსთავისთვის შეიძენენ.

საკითხთან დაკავშირებით qartli.ge გორის მერს დაუკავშირდა, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის და ცენტრალური ხელისუფლებისთვის ავტობუსების შეძენა მას არ უთხოვია.

,,ჩვენ არ მოგვითხოვია ავტობუსების გადმოცემა. არც გამიგია, თუ მსგავსი რამ ხდება. რა ფორმით მივიღებთ ამ ავტობუსებს, ჯერ არ ვიცი. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი სახის ორგანიზაცია" - აცხადებს გორის მერი.

ცნობისთვის, გორს მუნიციპალური ტრანსპორტი ამ დრომდე არ ჰყავს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები