ახალი ამბები
ყინწვისს მარმარილოს ფილები კერძო პირმა შესწირა - ფერი მღვდლებმა შეარჩიეს
,,დედაო, ახლა სისუფთავეა შიგნით, ასე არ ჯობია?“
,,კი, მამაო, აბა ის იყო კარგი, მტვერი რომ იდგა-ხოლმე?“

ამ დიალოგით ჩაგვიარეს სასულიერო პირებმა, ბერმა და მონაზონმა მონასტრის ეზოში. ისინი ეკლესიაში შევიდნენ, იქ, სადაც დღეს მარმარილოს ფილებია დაგებული. არქიტექტორ-რესტავრატორები ითხოვენ, რომ ჭაობისფერი ფილები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა მოიხსნას.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი შედგება წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიებისგან, ასევე, აქვს გალავანი და კოშკი. უნიკალური ძეგლი სოფელ ყინწვისიდან 2-3 კმ მანძილზე მდებარეობს.
ჭაობისფერი ფილები, სწორედ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დააგეს. ეს ის ტაძარია, რომელიც ქართული კულტურის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.

ეკლესიას ახალგაზრდა მოძღვარი ჰყავს - იღუმენი ეფრემი. მანამდე ვინც იყო, როგორც სოფელ ყინწვისში გვითხრეს, სხვა ეკლესიაში გაგზავნეს. ინტერვიუ მასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ჩაწერა.
იღუმენი ეფრემი ამბობს, რომ მწვანე ფერის მარმარილო ეკლესიას კერძო პირმა შესწირა. ფერი სასულიერო პირებმა შეარჩიეს. ადასტურებს, რომ დაგების პროცესში საქმის კურსში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ ჩააყენეს:

,,ადრე ბევრჯერ მიგვიწერა სააგენტოსთვის სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა პასუხები ყოველთვის იწელებოდა. ახლა, არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისინი საქმის კურსში ჩაგვეყენებინა“ - აცხადებს იღუმენი ეფრემი. მისი თქმით, ეკლესიას გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩატარებული რესტავრაციის დროს, დაგებული ფილები ამშვენებდა:

,,ეს ძველი ფილები არ იყო კულტურული მნიშვნელობის. ის 50-იან წლებში დაგებული ქვები იყო.“ - აცხადებს იღუმენი ეფრემი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, ყინწვისის კომპლექსში არსებული სიტუაციის შესახებ, სპეციალური განცხადება გაავრცელა.



„ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად ვაფასებთ. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას. განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომელიც 2 დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდა. მათი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს. ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა,“-ნათქვამია განცხადებაში.

ყინწვისში სარესტავრაციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა. პირველად, 1938 წელს - ზერელედ. 1939-1940 წლებში ეკლესიის გარეკედლების ზედაპირი აღადგინეს. აღდგა და დაკონსერვდა მინაშენები; გადაეწყო გუმბათის გადახურვის დაზიანებული ქვის ლორფინები; ჩამოხსნეს ძველი კარები; მოეწყო წყალგამტარი კიუვეტები და ა.შ.

1953-57 წლებში ნიკოლოზის ეკლესია გადაიხურა ღარიანი კრამიტით; გადაიხურა ნახევრადდანგრეული კამარაც; ხოლო დასავლეთის ორი კედელი დაკონსერვდა.

1964 წელს ჩატარდა რესტავრაცია. ორი წლის მანძილზე გაიწმინდა და გამაგრდა კედლის მხატვრობა (რესტავრატორები შ. აბრამიშვილი და კ. ბაკურაძე); ძეგლის ისტორიაში იატაკის შესახებ საუბარი არაა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები