ახალი ამბები
გორის დაბომბვისას დაზარალებული ოჯახი - 11 წლის შემდეგ
ომიდან 11-წლის შემდეგ, შვილიშვილს ფეხი მაინც სტკივა, უჭირს სიარული. უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა უსახსრობის გამო ვერ გააგრძელა სწავლა. ფიზიკურად მუშაობა რომ დაჭირდეს, ვერ იმუშავებს, დიდხანს ფეხზე ვერ დგება. დღეს, ბებია ციცინო ვაზაგაშვილი ერთადერთი პენსიის იმედადაა. მას, გორის დაბომბვის დროს, ქალიშვილი მაია ვაზაგაშვილი, დაეღუპა, რადგან გივიკოს გადაეფარა. გივიკო ფეხში მძიმედ დაიჭრა. დედას კი, ანასხლეტი თავის არეში მოხვდა. ბებია ამბობს, დღეს გივიკო სამსახურსაც ვერ იწყებს:



,,
მარჯვენა ფეხი ძალიან აწუხებს. გივიკოსთვის სამსახური ბევრს ვთხოვე, არავინ არაფრით მეხმარება. ვთხოვე მაშინ განათლების მინისტრს, როცა ჩაირიცხა უნივერსიტეტში, მაგრამ არავინ დამეხმარა. ჩვენი შემოსავლის წყარო მხოლოდ ჩემი პენსიაა." - ამბობს ციცინო ვაზაგაშვილი.

ბებიას 9 აგვისტოს დილა კვლავ არ ავიწყდება.

,,9 აგვისტო იყო, დილა, 11 რაღაც წუთები ეზოში ბომბი, რომ ჩამოვარდა, ზანზარი დაიწყო სახლმა. აივანზე გავედით მე და ჩემი შვილიშვილი, ამ დროს სამი თვითმფრინავი მოფრინდა, წითელი ვარსკვლავი ეხატა და მე ჩვენები მეგონნენ, თურმე რუსები ყოფილან. თვითმფრინავებმა წრე დაარტყეს ჩვენს ბინებს და ერთი ბომბი ეზოში ჩამოაგდეს. ბომბის ჩამოგდების დროს ეზოში ქალები იყვნენ, რვა ქალი ადგილზევე დაიღუპა. ზოგს ხელი აღარ ჰქონდა, ზოგს ფეხი, ზოგს კიდევ თავი ჰქონდა გაგლეჯილი. ბომბები როცა ჩამოვარდა მე, გივიკო და ჩემი შვილი გარეთ გავცვიცდით, ეზოში ჩავედით და პირველი ჩამოგდებული ბომბისგან მკვდარი ადამიანები დავინახეთ, მერე სასწრაფოს შენობისკენ წავედით, იქ აღარც სასწრაფო დახმარების ბიგადა იყო და აღარც ექიმები, სულ წასულები იყვნენ. მესამედ რომ ჩამოაგდეს ბომბი, ეზოში რკინის ,,გარაჟები“ იყო და იმას დაეცა, რკინის ანასხლეტი ჩემს შვილს მაიას მოხვდა თავში მარჯვენა მხარეს, მაშინ როცა თავის შვილს გივიკოს გადაეფარა." - იხსენებს ქალბატონი ციცინო.

გივიკოს მარჯვენა ფეხზე ჰქონდა მოხვედრილი რკინის ნაჭერი. ჯერ შვილს შეხედა, მიხვდა, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. ამ დროს გივიკომ კაბის ბოლოზე მოქაჩა, ბებო მიშველეო.

,,შევხედე და დავინახე, დიდი რკინის ნაჭერი ფეხზე ჰქონდა მოხვედრილი. მაგ დროს თეთრი ნივა ამოვიდა, სამი სამხედრო პირი იჯდა შიგნით. გივიკოს ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს, შევეკითხე სად მიგყავთ-მეთქი, ჰოსპიტალშიო მითხრეს. მე მიცვალებულთან დავრჩი, მანქანა ამოვიდა და ეზოში მიცვალებულები რაც იყო, ყველა იმ მანქანაში დაასვენეს. მერე პატარა ყვითელი ავტობუსი მოვიდა სამხედროებით. ვთხოვე, წამიყვანეთ ჰოსპიტალში, შვილი აღარ მყავს და შვილიშვილს მივხედო-მეთქი. წამიყვანეს ჰოსპიტალში, ჰოსპიტალის ეზოში სამხედროები იყვნენ დაჭრილები, ექიმები და მამაოები ადგნენ თავზე. ამ დროს, ერთი ნაცნობი ექიმი გამოვიდა და იმას შევეკითხე, ჩემი გივიკო მოიყვანეს აქ და როგორ არის-მეთქი. აი, ბებო სასწრაფო დგას აქ და თბილისში ვგზავნითო. წამოვედი იქიდან, რაღა გამეკეთებინა, მიცვალებული რომელ მორგში გადაიყვანეს, არ ვიცოდი. ჰოსპიტალის მორგში ვეძებდი, ნახავ? შემოხვალო? აქ ბევრი მიცვალეულებია და არ შეგეშინდებათო? მე ვუთხარი, შემოვალ, არ შემეშინდებათქო. რომ შევედი, გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრებისკენ არც გამიხედავს. უსაბუთო სამი მოქალაქის ცხედარი იყო, იქიდან ჩემი შვილი არცერთი არ იყო. წამოვედი, ქალაქის მორგში ჰყოლიათ გადაყვანილი ჩვენი ბინის ხალხი, ყველა, ვინც დაიღუპა. იქ ვნახე ჩემი შვილიც." - ამბობს ქალბატონი ციცინო.

სასაფლაოზე რომ გადააასვენეს, ძმისშვილი და დისშვილის ქმარი ახლდა. მხოლოდ, მათ აიყვანეს მიცვალებული გორის სასაფლაოზე:

,,ავედით საფლავზე, თუმცა არავინ იყო რომ საფლავი გაეთხარა, ერთი კაცი ვნახეთ, ის გვეხმარებოდა საფლავის გათხრაში, ხელით ვთხრიდით მიწას, ხელსაწყოები არ გვქონდა. დავასვენეთ, ცოტა მიწა მივაყარეთ, ორმოცამდე ეგრე იყო, კუბო ეგრევე ჩანდა ზემოდან. მეორმოცე დღეს დავკრძალეთ, თავის დაბადების დღეზე 27 სექტემბერს. დაკრძალვიდან რომ წამოვედი, ბავშვს დავადექი თავზე, გივიკო ძალიან ცუდად იყო. 7-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მარჯვენა ფეხის უკანა მხარე სულ გადაჭრილი ჰქონდა, ექიმები სულ თავზე გვადგნენ, დეკემბრამდე იქ ვიწექით. მერე ერთმა ქალმა გერმანიაში წაიყვანა ერთი თვით რეაბილიტაციისთვის. ფეხი მოსაჭრელი რომ არ გახდომოდა ერთი თვე ყველაფრით უზრუნველყო." - გვითხრა ციცინო ვაზაგაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები