ახალი ამბები
ტურიზმი ძამას ხეობაში
,,ძირითადად, დამთვალიერებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან" - გვითხრა თამარ თურმანიძემ, რომელიც ფაცხებთან ყოველ სეზონზე ვიზიტორებს ელოდება.

მისი თქმით, უცხოელი ტურისტები იშვიათად ჩანან.

,,ათასში ერთხელ თუ ვინმე უცხოელი გაივლის, ისიც თავისი ზურგჩანთით. არ ჩერდებიან ფაცხებში." - ამბობს ქალბატონი თამარი. ის სოფელ კრობანში ცხოვრობს. ამ ადგილზე მდინარის პირზე ერთ-ერთი გაშლილი სივრცეა.

რაც უფრო სიღრმეში შედის გზა, მით უფრო ვიწროვდება ხეობა. ამიტომაც, სოფლების: კრობანთან და ყინწვისთან მდინარის გაშლილ ნაპირზე უფრო ხშირად ჩერდებიან ვიზიტორები.

,,ვინც მოდის დამთვალიერებლები, უმეტესად მამაოებთან მიდიან, ეკლესიებში. მიზიან მზოვრეთში, სარკინეთში, ყინწვისში, დედათა მონასტერში, ავაზაკების ეკლესია რომ ჰქვია, იქ. მერე სხდებიან საქეიფოდ" - ამბობს თამარ თურმანიძე.

მას მდინარის პირზე 5 მაგიდა აქვს. თითო მაგიდას აქირავებს 5-დან 10 ლარის ფარგლებში.

,,ჩემი შემოსავალი ესაა. თავისა და გულის ოპერაციები მაქვს გაკეთებული. წამლებისთვის ყოველკვირეულად 100 ლარს ვიხდი. წარმოიდგინეთ, რამდენი წამლები მჭირდება. ვცდილობ, დამატებითი შემოსავალი ამ მაგიდების გაქირავებით მივიღო" - ამბობს ქალბატონი თამარი.

ქარელის მუნიციპალიტეტში ტურიზმის ცენტრში ჯერ არ არსებობს, ამიტომ, ოფიციალური მონაცემები, ტურისტებისა და ვიზიტორების შესახებ, არ გროვდება. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები