ახალი ამბები
გადახედეთ ატენს - ყოფილი მინისტრის აგარაკისა და საეპისკოპოსო ქონების ფონზე
,,გადახედეთ ატენს. შეხედეთ სახლის სახურავებს, რა საცოდავად გამოიყურება იმათ ფონზე" - ამბობს ნატო ხუციშვილი. ის სოფელ ატენში ცხოვრობს. ამბობს, რომ წლების განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესი დაცული ყოფილიყო.

საქმე იმაშია, რომ ატენის სიონის ეზოში კელიები აშენდა. ნატო ხუციშვილი ამბობს, რომ კელიების აშენების იდეა, დიდი ხანია, არსებობდა, მათ შორის, მაშინ, როდესაც ნიკა ვაჩეიშვილი კულტურის მინისტრი იყო:

,,მაშინ იმდენი ვიბრძოლეთ, რომ ეს კელიები არ ავაშენებინეთ. ყოველწლიურად, ვიბრძოდით. სწორედ, მაგ ვაჩეიშვილს აქვს ხელი მოწერილი მშენებლობის ნებართვაზე, რომელიც დღეს განახორციელეს" - აცხადებს ნატო ხუციშვილი.



კელიები სიონის ეზოში მაინც აშენდა. ეპარქიაში ამტკიცებენ, რომ სასულიერო პირების სამყოფელი არაფრით ამახინჯებს ისტორიული ძეგლის იერსახეს. ამასთანავე, სასამართლო პროცესიც გაიმართა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პროცესი მოიგო. ეკლესიის ეზოში კელიები სწორედ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანხმობით აშენდა.

,,იქ ასაშენებელი ადგილი არ იყო, რადგან ატენის სიონის ფასადია დარღვეული. 2009 წელს, მაშინდელ კულტურის მინისტრს ნიკა ვაჩეიშვილს აქვს ნებართვა გაცემული და მოწერილი ხელი, რომ მანდ აშენებულიყო სამონასტრო კელიები. იმის მერე, 2017-2018 წლებში აშენდა ეს კელიები. მანამდე რატომ არ შენდებოდა? ვებრძოდით და იმიტომ არ აშენდა." - ამბობს ნატო ხუციშვილი.

ნატო ხუციშვილი აცხადებს, რომ ერისთავების ყოფილ სასახლეში დღეს მოსახლეობას არ უშვებენ. ამიტომ, არსებობს საშიშროება, რომ სიონის ეზოშიც შეიზღუდოს შესვლა. სამაგიროდ, ხალხს სასტუმროში უშვებენ:

,,როგორც გითხარით, მშენებლობებზე ნებართვის გაცემაზე ხელი ნიკა ვაჩეიშვილს აქვს მოწერილი, რომელმაც აგერ ერთი მთა იყიდა და თავისი მდიდრული აგარაკი დადგა, მეორე მთაც 1 ლარად იყიდა, სადაც სასტუმრო გააკეთა. მონაზვნებსაც ძვირფასი სასტუმრო აქვთ. მონასტერში ერისთავების სახელობის ეკლესიაში არავის არ უშვებენ, დაკეტილია, სასტუმროში კიდევ, უპრობლემოდ, ყველას უშვებენ. აქ რომ არ აშენებულიყო კელიები, დაბლა ნაყიდი აქვთ უაზარმაზარი ტერიტორიები, ტანის მარჯვენა ნაწილი ცარიელი რომ არის, აეშენებინათ იქ." - აცხადებს ნატო ხუციშვილი.

ნატო ხუციშვილი ამბობს, რომ მღვდელმთავარმა უნდა გაითვალისწინოს ძველი სასულიერო პირების გამოცდილება:

,,მაშინ რატომ არ ცხოვრობდა რეზიდენციაში გორგი მთწმინდელი, დავით გარეჯელი, იოანე ოქროპირი, ანტონ დიდი? და რამდენსაც გინდათ, იმდენს ჩამოგითვლით. ატენის სიონში აღარ არის ჯვრისწერა, აღარ არის ნათლობა და მალე აღარ ჩატარდება წირვა-ლოცვაც, იმიტომ, რომ მრევლი აღარ არის, ატენის მრევლი ჩავიდა ხიდისთავის ეკლესიაში და მამა ირაკლი ცუცქირიძის მრევლი გახდა. ახლა წირვაზე 14-15 კაცი დადის სულ." - ამტკიცებს ატენში მცხოვრები ქალბატონი.

იგი ფიქრობს, რომ გორის ეპარქიის წინამძღვრის ტიტულს სახელწოდება ატენი არ უნდა ჰქონდეს მითითებული:

,,მეუფის ტიტულში წერია - ატენისა და გორის ეპისკოპოსი, ატენისა რატომ წერია? იმიტომ, რომ კარგად გამოიყურება ატენის ხეობა ამ გაღატაკებული ხალხის ხარჯზე?. არის უმდიდრესი მონასტერი, უმდიდრესი სამზარეულოთი, უმდიდრესი აბანოთი. იმიტოა ატენის ეპისკოპოსი? ერთადერთი მოქმედი ეკლესია იყო ატენის სიონი, ღვთისმშობლის ეკლესიაში აღარავის უშვებენ, თავიანთია. გარშემო ხომ იყიდეს მთელი ეს საკარმიდამო მიდამოები? დიდატენის მოსახლეობა, საკუთარ ნაკვეთში მისასვლელად ნებართვის ასაღებად ეხვეწება და უარზეა, აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ატენის მოსახლეობა სულს ღაფავს. არა გზა, არა წყალი არა გაზი, სასმელი წყალიც კი არ არის ჩვენთან. 30 წელი ვიბრძვით და და დღეს უკიდურესმა გაჭირვებამ, უწყლობამ, უგაზობამ, უგზოობამ ყველაფერზე ხელი ჩაგვაქნევინა. ერთადერთი მარტო მე ვარ, ვინც ვლაპარაკობ.“- აღნიშნა ნატო ხუციშვილმა..

,,ვინ არის ეს ნატო ხუციშვილი? რა სისულელეებს ლაპარაკობს. ყველაფერზე ლაპარაკი ხომ არ შეიძლება, როგორ შეიძლება აუკრძალო ადამიანს, ან საქონელს გზაზე სიარული. მოეკითხება ამ ქალს ჭკუა? ძალიან მაინტერესებს, ნატო ხუციშვილი ვინ არის, რა საინტერესოა. სამკურნალოდ არის ეს ხალხი წასაყვანი.“-აღნიშნა ნიკა ვაჩეიშვილმა, კულტურის ყოფილმა მინისტრმა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები