დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დამსვენებლებთან რეიდებს ატარებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლები სიფრთხილისკენ იმ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომლებიც მდინარის სანაპიროზე ბანაობენ, ხოლო საქეიფოდ ტყეში მიდიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. სააგენტო ,,რესის" ცნობით, მოქალაქეები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები არ უფრთხილდებიან როგორც საკუთარ თავს, ასევე, ბუნებას.

არაღიარებული რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხშირია დაუდევრობის ფაქტები, რაც ხანძრის გაჩენის შემთხვევების რისკს ზრდის. ამავე დროს, ქეიფის შემდეგ, ნასვამი ახალგაზრდები საჭესთან სხდებიან.

,,თქვენი ქცევით არა მარტო კანონს არღვევთ, არამედ ბუნებას სერიოზული ზიანს აყენებთ. ზიანის გამოსწორებას ათ წელზე მეტი დრო სჭირდება”- განუცხადა დამსვენებლებს არასრულწლოვანთა ინსპექციის ხელმძღვანელმა ნათია გატიგკოევამ.

ჯავის რაიონის მილიციის თანამშრომლებმა მდინარეების ფაცისა და ლიახვის სანაპიროები მოინახულეს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტორმა ალექსანდრე ხასიევმა ახალგაზრდებს შეახსენა, რომ მათ, ვინც მანქანაზე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას დაჯდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება.

”ზოგი მძღოლი, რომლებიც ქალაქგარეთ გამოდის, ავიწყდება უსაფრთხოების ზომების დაცვა. ისინი ალკოჰოლს სვამენ, რაც ხშირად არასასურველი შედეგებით მთავრდება. ამრიგად, სახელმწიფო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლები პერიოდულად ატარებენ პროფილაქტიკურ საუბრებს დამსვენებლებთან, კერძოდ, მძღოლებთან. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ალკოჰოლის დალევისგან და საფრთხის წინაშე არ დააყენონ მათი სიცოცხლე, მათი მგზავრებისა და სხვათა სიცოცხლე. ”- თქვა ხასიევმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები