აგარაში ქარხნის ამუშავების მოთხოვნით აქცია გაიმართება
დაბა აგარაში 19:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. შაქრის ქარხნიდან გათავისუფლებული 500-მდე თანამშრომელი საწარმოს ამუშავებას და დასაქმებას მოითხოვს.

„მარტში გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. გადაგვიხადეს ოთხი თვის კომპენსაცია და გვითხრეს, რომ ქარხანა კონკურენტუნარიანი არ არის. ამიტომ, მუშაობა შეჩერდა. გეტყვით იმასაც, რომ როგორც კი ნედლეულის ფასი დაიწევდა, ქარხნის ამუშავებაზე იფიქრებდნენ. ასეთი იყო პირობა. ნედლეულის ფასი ბაზარზე დაწეულია, მაგრამ ჩვენ აღარავინ გვამუშავებს. სამსახურის გარეშე დაახლოებით 500 ადგილობრივი დავრჩით. ეს იქნება საინფორმაციო ხასიათის აქცია, პროტესტის შემდეგ ეტაპებს თანდათან გავივლით. ამ დროისთვის ჩამოყალიბებულები არ ვართ, რა ფორმით გავაგრძელებთ აქციებს“ - უთხრა Qartli.ge-ს შაქრის ქარხნიდან გათავსუფლებულმა თანამშრომელმა ზაზა არბოლიშვილმა.

შაქრის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების ინტერესებს როფკავშირები იცავს.

„ჩვენ ვდგავართ აქციის მონაწილეების გვერდით. ქარხნის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ნედლეულის შემოტანა ძვირი უჯდება, რის გამოც იძულებულები არიან მუშაობა შეაჩერონ“ - აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე.

აგარის შაქრის ქარხნიდან თანამშრომლები ანალოგიური მიზეზით გასულ წელსაც გაათავისუფლეს, რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციისა და მსვლელობის შემდეგ, ისინი სამსახურში აღადგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები