გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს
დღეს, რუსმა სამხედროებმა გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ წუთებში ახალ ძელებს ძელებს ამონტაჟებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა გია რაზმაძის დამწვარი სახლი, რომელიც შენობას ანგრევს და ნივთები სხვაგან გადააქვს.

„რაზმაძის სახლი 2008 წლის ომის დროს დაწვეს, ის სხვა ადგილას ცხოვრობს. დამწვარი სახლიდან რაც დარჩა, რაზმაძე შლის და სხვაგან გადააქვს. ასევე მიტო გუგუტიშვილის სახლის გვერდის გადის ე.წ. საზღვარი, სადაც ამ წუთებში მუშაობენ“- აცხადებს Qartli.ge-სთან სოფელში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძე. სოფლის წარმომადგენლის ცნობით, მავთულხლართების მიღმა არ რჩება სარწყავი წყლის სათავე (გამშვები) ნაგებობა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული.“- აცხადებენ უწყებაში.

რუსმა ოკუპანტებმა გუგუთიანთკარში სამუშაოები გუშინ განაახლეს, დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართები დაახლოებით 150 მეტრზე გაავლეს. დღეს ისინი ახალ ძელებს ამონტაჟებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები