მერაბ მახარაშვილი: ,,მითხრეს, რომ 30 მ მანძილზე დადგამენ ახალ ძელებს"
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ახალი ძელები დაახლოებით 30 მ სიგრძეზე დამონტაჟდება. ამის შესახებ სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში, მერაბ მახარაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მას სამხედროებთან კომუნიკაცია ჰქონდა და აუხსნა, რომ მოსახლეობის სარწყავი წყალის რეზერვუარი ძელების მიღმა რჩება:

,,მე ვუთხარი, რომ წყლის რეზერვუარია ახლოს და არ გადაკეტონ. მიპასუხეს, რომ წყლის რეზერვუარს არ გადაკეტავენ" - აცხდებს მერაბ მახარაშვილი. ,,ისიც მითხრეს, რომ დაახლოებით 30 მ მანძილზე დადგამენ ახალ ძელებს." - აცხადებს მერაბ მახარაშვილი.

ახალი ღობეების მონტაჟი 7 და 8 აგვისტოს განახლდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა გია რაზმაძის დამწვარი სახლი, რომელიც შენობას ანგრევს და ნივთები სხვაგან გადააქვს.

„რაზმაძის სახლი 2008 წლის ომის დროს დაწვეს, ის სხვა ადგილას ცხოვრობს. დამწვარი სახლიდან რაც დარჩა, რაზმაძე შლის და სხვაგან გადააქვს. ასევე მიტო გუგუტიშვილის სახლის გვერდის გადის ე.წ. საზღვარი, სადაც ამ წუთებში მუშაობენ“- აცხადებს Qartli.ge-სთან სოფელში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძე. სოფლის წარმომადგენლის ცნობით, მავთულხლართების მიღმა არ რჩება სარწყავი წყლის სათავე (გამშვები) ნაგებობა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული.“- აცხადებენ უწყებაში.

რუსმა ოკუპანტებმა გუგუთიანთკარში სამუშაოები გუშინ განაახლეს, დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართები დაახლოებით 150 მეტრზე გაავლეს. დღეს ისინი ახალ ძელებს ამონტაჟებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები