ახალი ამბები
ვერხვების დევნილთა დასახლებაში ორი თვეა უწყლოობა აწუხებთ
ვერხვების დევნილთა დასახლების დიდ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. განსაკუთრებით ბერლინის ხეივანის, ლიახვის, ძმები რომელაშვილების, ერთობის, ბერი ფალავანდიშვილის ქუჩებს.

ეს ის ქუჩებიამ, ძირითადად, სადაც დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები ცხოვრობენ. რაც შეეხება, პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის მოსახლეობას, იქ სასმელი წყალი შედარებით უკეთესადაა.

საქმე იმაშია, რომ 2014 წელს ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების დაკვეთით, წყლის რეზერვუარიდან ახალი ქსელი გაიყვანეს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სახლებში წყალი შეიყვანეს. გორის მერიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ქსელების დაერთება მოხდა მრიცხველების გარეშე.

,,ფაქტობრივად, მრიცხველების გარეშე წყალს იყენებს დაახლოებით 90 ოჯახი. ხდება წყლის არარაციონალური გამოყენება. რეზერვუარი მალე იცლება და არ ყოფნით წყალი" - აცხადებენ წყალარინების სამსახურში.

სულ ვერხვების დევნილთა დასახლებაში 236 კოტეჯია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, უწყლოობა ორი თვეა გრძელდება.

ედიკა ჯოჯიშვილი ღამის პირველ საათზე ფხიზლობს, რომ ვედროებით წყალი მოაგროვოს. მისი განმარტებით, წყალი ონკანებში მხოლოდ ღამის საათებში მოდის. დაახლოებით ღამის სამ საათზე წყალი ისევ წყდება , როგორც ბატონი ედიკა ამბობს მასთან ერთად წყალს ღამით სხვებიც აგროვებენ

„არის ადგილები, სადაც წყალი ლიახვივით მოდის, მაგრამ უმეტესობა წყლის გარეშე ვართ დარჩენილი. წყალი რატომ არ მოდის ამის ზუსტი მიზეზი არ ვიცით, უბნებია, სადაც მოსახლეობა წყალს სარწყავად იყენებს. მრიცხველები აყენია, ამიტომ ჩვენნაირი ხალხი, ვისაც არც სასმელი და არც სარწყავი აქვს ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით. შესაძლოა ქსელი არასწორად არის დაერთებული. სახარჯოთ წვიმის წყალს ვაგროვებთ ბოცებში და იმით ვრეცხავთ სარეცხს, ჭურჭელს და დასაბანადაც წვიმის წყალს ვიყენებთ“ - აცხადებს Qartli.ge-სთან ქურთადან დევნილი ედიკა ჯოჯიშვილი.

წყალმომარაგების სამსახურის უფროსი ბონდო მარუაშვილი განნარტავს:

,,აღნიშნულ დასახლებაში განთავსებულია 286 კოტეჯი, რომელიც გამრიცხველიანდა მშენებლობის დროს და დ-15 მმ აღიცხვის კვანძები (განშტოება დ-25 მმ მილით) მოწყობილია შენობის შიგნით. 2014 წელს ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტებმა დასახლების ნაწილს დაუმონტაჟეს დ-63 მმ და დ-75 მმ ქსელები, რომლებიც მრიცხველის კვანძის გვერდის ავლითაა განთავსებული და დაერთებულია დასახლებაში არსებულ წყალმომარაგების რეზერვუარზე. მოსახლეობის ის ნაწილი (90 კოტეჯი), რომლებსაც მრიცხველის გვერდის ავლით აქვთ მოწყობილი წყლის ქსელი, სასმელ წყალს მოიხმარს არარაციონალურად, სარწყავად, რითაც პრობლემა ექმნება დასახლების დანარჩენ მოსახლეობას. აგვისტოს ბოლოდან ისევ ჩვეულ რეჟიმით, სტაბილურად მიიღებენ."


Print

სტატიის გამოყენების პირობები