გივი რაზმაძეს ახალ სახლს მამუკა ხაზარაძე აჩუქებს
TBC ბაკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარში მცხოვრებ გივი რაზმაძის ოჯახს სახლს აჩუქებს.

ბიზნესმენი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს - დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება,
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,
საქართველო გაერთიანდება! „- წერს ხაზარაძე.

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი 8 აგვსიტოს განაახლეს. გივი რაზმაძის სახლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, რის გამოც რაზმაძეების ოჯახმა სახლის გადარჩენილი ნაწილის დემონტაჟი 15 აგვისტოს მოახდინა. გივი რაზმაძეს საცხოვრებელი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაეწვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები