2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნული გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ
2020 წელს აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის. საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადექვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი“ -აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით სამი სავალდებულო საგანი იქნება ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა, რაც შეეხება მესამე სავალდებულო საგანს ეს დამოკიდებული იქნება პროგრამაზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა ამ საგნებიდან აბიტურიენტები აირჩევენ ერთს.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისათვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები