გამყოფ ხაზთან გაუჩინარებული ახალუბნელების ოჯახის წევრები მეჯვრისხევის პოლიციაში მივიდნენ
მეჯვრისხევის განყოფილებაში დაიბარეს გაუჩინარებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. წინასწარი ინფორმაციით, წმ. გიორგის ეკლესიასთან ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

ოჯახის წევრებს ჯერჯერობით ინფორმაცია ცხინვალის მხრიდან არ მიუღიათ.

სავარაუდო დაკავებულები არიან: 1. გოგიტა ნასყიდაშვილი, 2. ილია ბაინდურაშვილი, 3. ოთო ელიაური, 4. ზურა გერკეული, 5. კობა ვარდანაშვილი, 6. ილია მიღრიჯანაშვილი. 7. ლაშა გერკეული.

ლაშა და ზურა გერკეულები ბიძაშვილები არიან. სოფლის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის განმარტებით, დაკავებულებს შორის, 18-წლის ბიჭია, ხოლო დანარჩენნი - 33-38 წლის ასაკისანი არიან.

,,7-ვე მათგანთან სატელეფონო კონტაქტი გაწყვეტილია. თუ ჩამოართვეს ტელეფონი, ბუნებრივია, ვეღარ დავუკავშირდებით" - აცხადებს ვათიაშვილი.

მისი განმარტებით, ეკლესიის ტერიტორიაზე ტელეფონს მიღება აქვს და ამიტომაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ ისინი დააკავეს.

ჯერ-ჯერობით, სხვა ინფორმაცია მოსახლეობას არა აქვს. ტარიელ ვათიაშვილი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაში ბიჭები შუადღეს წასულან: ,,დღეს არანაირი დღესასწაული არაა, თუმცა, როგორც ჩანს, მოიწადინეს ასვლა".


იხ. ამავე თემაზე:

გამყოფ ხაზთან მდებარე ეკლესიასთან სავარაუდოდ 7 ადამიანი დააკავეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები