სოფელ ღრომთან 32-წლის მამაკაცი რუსმა სამხედროებმა მეორედ დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების: მეჯვრისხევსა და ღრომს შორის, 32-წლის იოსებ დვალიშვილი რუსმა სამხედროებმა შუაღამეს დააკავეს. სოფელში კი, ინფორმაცია დილით გავრცელდა.

ღრომი ოკუპირებული სოფელია და ცხინვალის რაიონს ეკუთვნის. ეს ის სოფელია, საიდანაც გასულ წელს, მეჯვრისხევიდან 15 ადამიანი ქელეხში წავიდა და რუსებს სოფელში შეშვება სთხოვეს. ღრომელების დახმარებით, რუსებმა მეჯვრისხეველები მცირე ხნით შეუშვეს.

ამის შესახებ qartli.ge-ს სოფლის დეპუტატი ლექსო ბუჯიაშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, დაკავება სავარაუდოდ გვიან ღამე მოხდა.

,,როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაკავება ღამის 12 საათის შემდეგ მოხდა.. რა ვითარებაში და როგორ, ეს დეტალები არაა ცნობილი. იოსებ დვალიშვილი 32 წლისაა" - აცხადებს ბუჯიაშვილი.

როგორც სოფელში აცხადებენ, სოფელ ღრომთან, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიაზეა, წყაროს წყალია. ასევე, ცნობილია, რომ დვალიშვილს ბიძაშვილები ჰყავს ოკუპირებულ სოფელში.

იოსებ დვალიშვილის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მისი დაკავების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით, უკვე აცნობეს სადამკვირვებლო მისიას.

გარდა დვალიშვილისა, ცხინვალის იზოლატორში, ამჟამად, კიდევ 7 ადამიანი იმყოფება. ახალუბნელები აძვის ეკლესიასთან გუშინ, 17 აგვისტოს დააკავეს.


იხ. ამავე თემაზე

,,გამყოფი ხაზი" მეჯვრისხევსა და ღრომს შორის ვერ გაავლეს

ღრომის, მუგუთის, ლოპანისა და არცევისა  მოსახლეობა დე-ფაქტო ხელისუფლებას გამარტივებულ მიმოსვლას სთხოვს
Print

სტატიის გამოყენების პირობები