კასპში ,,ფერისცვალებიდან" უახლოეს 10 დღეში წვიმა მოსალოდნელი არაა
კასპის მუნიციპალიტეტის ის სოფლები, რომელთაც, მერის აზრით, ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ, წყალი ექნებათ, კვლავ ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.

19 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლის კასპის მუნიციპალიეტში უნალექო ამინდები იქნება, ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ პერიოდში 32-34 გრადუსამდე აიწევს.

ინფორმაცია Qartli.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.

ჰიდრომეტეოლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე აცხადებს რომ „კასპის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა 25 აგვისტოდან შეადრებით დაიკლებს და დღის მეორე ნახევარში მცირე რაოდენობის ნალექი მოვა, თუმცა მნიშვნელოვან ამინდის ცვლილებას არ ველოდებით“- აცხადებს ნიორაძე.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბნის მოსახლეობა კვლავ უიმედოდაა. უბანში, სადაც 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყალი კვლავ ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, უბნის მოსახლეობის გასაჭირით, ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობა არ დაინტერესებულა:

,,იმის მაგივრად, რომ მოსულიყვნენ და ჩვენი პრობლემა ადგილზე შეესწავლათ, დაგვცინიან. ამას მოწმობს ის განცხადება, რაც მერმა გააკეთა" - აღნიშნავენ ქვემო ჩოჩეთელები.

კასპის მერმა განაცხადა, რომ ქვემო ჩოჩეთის უბანს სასმელი წყლის პრობლემა ფერისცვალების შემდეგ (19 აგვისტო) მოუგვარდებათ, რადგან წვიმა მოვა. წვიმის შედეგად მოსახლეობა ბაღებს მორწყავს, ხოლო სასმელი წყალი გამოთავისუფლდება და ქვედა უბანსაც ეყოფა.

,,ეს რეალობა გვაქვს. ფერისცვალების შემდეგ ნალექიანი ამინდები დადგება, მდინარე კავთურაში წყალი მოიმატებს და კავთისხევში სარწყავი წყალი ექნებათ. მოსახლეობა კი, სასმელ წყალს მოსარწყავად აღარ გამოიყენებს" - აცხადებდა კასპის მერი ორი კვირის წინ. სოფელ კავთისხევი 600 ტონიანი სასმელი წყლის ავზით მარაგდება.

კასპის მერიის პრესსამსახურის ფოტო.

იხ. ამავე თემაზე:

კავთისხევში ქვემო ჩოჩეთის უბნელები სასმელ წყალს 2 დღეში ერთხელ ელოდებიან

კასპის მერი: ,,ფერისცვალების შემდეგ მიწაში წყალი მოიმატებს"
Print

სტატიის გამოყენების პირობები