მღვდლების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გადამდგარ ჩინოვნიკს ქარელში შტატი შეუქმნეს
ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე მერი, რომელმაც თანამდებობა „ქართლის სტუდიაში“ გაკეთებული რეზონანსული განცხადების შემდეგ დატოვა, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ს მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ნუგზარ დაბრუნდაშვილი მუშაობას აგვისტოს დასაწყისიდან შეუდგა.

„აქამდე არ არსებობდა ეგ შტატი, აიპმა დამატებითი ფუნქციები შეიძინა და გახდა შტატის დამატება აუცილებელი.  ეს ფუნქციებია: ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც სოფლებში აქამდე მუნიციპალიტეტი ახორხციელებდა და აგვისტოდან ამ აიპს დაევალა ეს,“-გვითხრა ზაზა გულიაშვილმა.

ცნობისთვის, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა ქარელის ვიცე მერის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დატოვა.

იქამდე კი, ჩინოვნიკმა გადაცემა „ქართლის სტუდიაში“ განაცხადა, რომ სასულიერო პირები აჭარელ ეკომიგრანტებს ავიწროვებენ.

გადადგომის შემდეგ, დაბრუნდაშვილმა qartli.ge-ს უთხრა, რომ მას მღვდლებთან ბრძოლის სურვილი არ აქვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები