ფოტო: გორის მერი რუს სამხედროებს შეხვდა
დღეს, გუგუტიანთკართან მყოფ რუს სამხედროებს გორის მერი შეხვდა და ღობეების მონტაჟის შეჩერება სთხოვა. თუმცა, კოტე თავზარაშვილის თქმით, მის სიტყვებს რაიმე გავლენა არ მოუხდენია:

„მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს. ერთი ის თქვეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო. ამიტომ, რა ვიცი მე, მთელი დღე აქ ვიქნები, ჩემს შესაძლებლობაში რაც შედის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასეთი უკანონობა არ მოხდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება მავთულხლართები და გათავისუფლებული იქნება ეს ტერიტორია“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საოკუპაციო ზოლში არ მოაქცევენ და მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშე არ დარჩება.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა ბორდერიზაცია 7 აგვისტოდან განაახლეს. ახალი ღობეების მონტაჟის შედეგად, საოკუპაციო ხაზს მიღმა ორი სახლი დარჩა, ერთი კი, - ღობეს სიახლოვეს დარჩა, რომელთან მიახლოებაც მეპატრონეს აუკრძალეს.

ფოტო: 1 არხი
Print

სტატიის გამოყენების პირობები