,,ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი რუსეთს" - ევროპარლამენტარი გუგუტიანთკარში
,,ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ევროპარლამენტის წევრის შეფასებით, აუცილებელია ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ძლიერი განცხადება გააკეთოს. მისი განცხადებით, რუსეთი ამ ქმედებით ამოწმებს, როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი.

„ჩემი აზრით, ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. აბსოლუტურად, არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღების და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, - თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ”, - განაცხადა მარკეტე გრეგოროვამ. თარგმანს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დღეს ანტიპუტინური ორგანიზაცია ,,თავისუფალი რუსეთის" წარმომადგენელი ეგორ კუროპტევი ევროპარლამენტარ მარკერეთ გრეგორევთან ერთად, გუგუტიანთკარში ჩავიდა.

,,,ფსბ-ის ჯარისკაცებმა ჩემგან 20 მეტრის დაშორებით დაანაწევრეს საქართველო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობარს, ევროპარლამენტის წევრს, მარკეტა გრეგოროვას, რომ გადაწყვიტა შვებულების შეწყვეტა და ვნახეთ, რას აკეთებს კრემლი საქართველოში." - განმარტა ეგორ კუროპტევამ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა ბორდერიზაცია 7 აგვისტოდან განაახლეს. ახალი ღობეების მონტაჟის შედეგად, საოკუპაციო ხაზს მიღმა ორი სახლი დარჩა, ერთი კი, - ღობეს სიახლოვეს დარჩა, რომელთან მიახლოებაც მეპატრონეს აუკრძალეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები