კასპის სოფელ ნიაბთან ქარის ელექტროსადგური აშენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიაბთან ქარის ელექტროსადგური აშენდება.

ამის შესახებ პროექტი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. კომპანია ,,ამპერაქს ენერგი ჯორჯიამ" პროექტის პრეზენტაცია სოფელ ნიაბსა და სოფელ ქვემო გომში უკვე გამართა.

,,პროექტი ითვალისწინებს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნიაბის მიმდებარედ 4 ტურბინა-გენერატორის მოწყობას. ნიაბი, საპროექტო ტერიტორიიდან, ჩრდილოეთით დაშორებულია 1.2 კმ-ით; სამხრეთით სოფელი ახალციხე - 2.5 კმ-ით; დასავლეთით სოფელი ზემო ჩოჩეთია - 1.8 კმ, ხოლო მდ. მტკვარი - 2 კმ-ით.

,,პროექტთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართა სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. განხილვას ესწრებოდნენ სოფელ ნიაბის და ქვემო გომის მოსახლეობა, ასევე საქმიანობის განმახორციელებელი შპს ,,ამპერაქს ენერჯი ჯორჯია’’ და ასევე შპს ,,გამა კონსალტინგის’’ წარმომადგენელი" - აღნიშნულია ორგანიზაციის საპროექტო განაცხადში.



ინფორმაცია თავდაპირველად ბიზნესმედია ჯგუფმა გაავრცელა. მათი ცნობით, კომპანია ,,ამპერაქს ენერჯი ჯორჯია" გერმანელი ინვესტორების მიერ შეიქმნა.

"ამპერაქს ენერჯი ჯორჯია" კასპში 11 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. მისი ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულემა 15 მლნ აშშ დოლარია.

"ამ ეტაპზე დასრულებული გვაქვს ყველანაირი ტექნიკური კვლევები და მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან ტარიფის შეთანხმება, ასევე კერძო და საჯარო პარტნიორობის სააგენტოსთან პროცედურებს გავდივართ, რისი დასრულების შემდეგაც გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. ინვესტორების დაინტერესება უფრო იმან გამოიწვია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აუთვისებელია ქარის პოტენცილი და გადაწყვიტეს, რომ ამ პატარა პროექტით დაიწყონ, მოსინჯონ ქართული ბაზარი და შემდეგ უფრო დიდი პროექტები განავითარონ საქართველოში", - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ლუკა ლებანიძემ ბიზნესმედია ჯგუფთან საუბრისას.

ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ქარის სადგურისთვის სამშენებლო ნებართვის მოპოვებას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ობიექტი წლიურად დაახლოებით 40 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები