ევროკავშირის წარმომადგენლობა: ,,გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას"
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად განხორციელებული ბორდერიზაციის ქმედებებთან დაკავშირებით ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით:
ციტატის დასაწყისი:

,,რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად, აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას და ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენებას.

ევროკავშირი კვლავაც მონაწილეობს და ჩართულია საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის გაგრძელებით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით.

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - ციტატის დასასრული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები