ახალი ამბები
გიორგი ჯავახიშვილი - ქვემო ჩოჩეთიდან
გიორგი 20 წლისაა. ის სოფელ ქვემო ჩოჩეთში ცხოვრობს. საღამოს, ბებოსთან და მეზობლებთან ერთად, ვნახეთ. მთელი სამეზობლო სასმელი წყლის მოსვლას ელოდებოდა.

ეს ის უბანია, სადაც წყალი ორ დღეში ერთხელ ისიც 1 ან 1,5 საათი მოდის. კავთისხევში ქვემო ჩოჩეთის უბანში დაახლოებით 100 კომლია რეგისტრირებული.

სასმელი წყლის პრობლემების შესახებ საუბარს რომ მოვრჩით, გულო ქსოვრელს გიორგი ქსოვრელის შესახებ ვკითხეთ. ბებია ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, ის თბილისში, დღის ცენტრში დაჰყავდათ.

,,როცა თბილისში ცხოვრობდნენ, დადიოდნენ დღის ცენტრში. ეხლა, მოზრდილებისთვის ასეთი ცენტრი ავჭალაშია, თუმცა, სიარულს ვერ ვახერხებთ. განათლების სამინისტრომ 3 პედაგოგი დაუქირავა." - ამბობს გულო ქსოვრელი.

ბებო გვიყვება, რომ გიორგი ანბანს კუბიკებზე დაწერილი ასოებით ცნობს.

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს. სამი ცალი ჰქონდა და დაამტვრია, ხელში ათამაშებდა და სულ ამოყრილი აქვს კლავიატურა. კომპიუტერი გვინდა, რომ ქართული ფილმები ჩავუწეროთ. უყვარს ქართული ფილმები: ,,ქვევრი“, ,,არასერიოზული კაცი“, ,,შერეკილები“. როცა თბილიში იყო დღის ცენტრში ,,პირველ ნაბიჯში’’ დადიოდა-ხოლმე." - აცხადებს ბებია.

გიორგის თვლა უყვარს. ვიდრე პედაგოგებს დაუნიშნავდნენ, არ იცოდა, რას რა ერქვა:

,,მაგრამ ახლა ქათამი, ცხენი, ყველაფერი იცის უკვე. ყველა პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი იცის ზეპირად. თუ რომელიმე ვერ იცნო, მეკითხება - ვინ არის? მერე იმეორებს, რასაც ვეუბნები.“ - გვიყვება ბებია.


რა მდგომარეობაა კასპში შშმ პირებთან დაკავშირებით

,,კასპში არანაირი პირობა არსებობს იმისათვის, რომ შშმ პირებისთვის, ელემენტარულად, გადაადგილების პრობლემა იყოს მოგვარებული" - ამბობს კასპის შშმ პირთა კავშირის თავმჯდომარე დავით პარკაძე.

მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ამ ეტაპზე 130-ზე მეტ ბენეფიციარს, სხვადასხვა სერვისების მომსახურების კუთხით, უწევს დახმარებას:

,,რეალურად, რამდენი ადამიანია, რომელიც წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ჩვენს მუნიციპალიტეტში განსაზღვრული არ არის. ჩვენ, კარდაკარის პრინციპით, რაც შევძელით, ეს ადამიანები მოვიძიეთ. მონაცემები არ მოგვაწოდა, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტომაც, რადგან წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, ავუხსნათ დაინტერსებულ პირებს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში საჭიროა ამ საკითხე დაიწყოს განხილვა; არც ერთი შენობაა ადაპტირებული, აღარ ვამბობთ, საგზაო ინფრასტრუქტურაზე" - აცხადებს დავით პარკაძე.

იგი თვლის, რომ ამ საკითხზე, სადისკუსიოდაც კი არ მოდის ხელისუფლება: ,,ჩვენ გვესმის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მასშტაბის პრობლემას ვერ გაწვდება, მაგრამ არის საკითხები, რომელიც განხილვას და დაგეგმვას საჭიროებს. ახალი აშენებული შენობებიც კი, არაა ადაპრტირებული. ელემენტარულად, პასპორტს ვერ იღებს ადამიანი" - განმარტავს დათო პარკაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები