საყავრეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
სოფელ საყავრესთან დაახლოებით 10 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. გორის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. ხანძარს სამი ვერტმფრენი, სპეციალური ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ებრძვიან.

ინფორმაცია QARTLI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

„გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.“- აცხადებენ უწყებაში.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები