სოფელ საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ახლა კი, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა,“-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ტანას ხეობაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. დამწვარია 10 ჰექტრამდე ფართობი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები