ზვიად ზვიადაძე: ,,საგუშაგო შენდება ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე“
,,ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც არის ჩვენი უფლება" - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.

ის ერგნეთში, 95-ე შეხვედრას ესწრება, სადაც ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციები თბილისიდან და ცხინვალიდან იმყოფებიან.

ზვიად ზვიადაძემ კომენტარი ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

,,ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რომელიც არის ჩვენი უფლება, ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც სრული უფლება გვაქვს ვაწარმოოთ ის სამუშაოები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ"- უთხრა ჟურნალისტებს ზვიადაძემ.

ოკუპირებულ სოფელ წნელისში, გუშინ, 28 აგვისტოს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ჯავშანტექნიკა გაგზავნა.

სოფელში დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვით ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული მხარე საგუშაგოს უკანონოდ აშენებს.

ცხინვალის უშიშროების კომიტეტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქართული პოლიციის საგუშაგო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოეწყო, რასაც ქართული მხარ არ ეთანხმება.

ოკუპირებული წნელისი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ემიჯნება, ხოლო აღმოსავლეთით - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები