გორის სპორტის სასახლის გახსნის თარიღი ისევ უცნობია
გორის სპორტის სასახლის ჭიშკარს ისევ ბოქლომი ადევს, ეზო კი გაბალახდა და ინფრასტრუქტურა მოიშალა.

სასახლის ექსპულატაციაში შესვლის თარიღი ჯერ ისევ უცნობია რადგან, სამშენებლო კომპანიის მიერ შეძენილი მასალების ხარისხში დამკვეთს ეჭვი შეეპარა.

როგორც განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ მიმდინარე წლის იანვარში დაანონსა, სასახლე ზაფხულის ბოლომდე, პირველ სექტემბრამდე უნდა გახსნილიყო.

სამინისტროში qartli.ge-ს ახლა ვერ ეუბნებიან თარიღს, თუ როდის დაიწყებს სასახლე ფუნქციონირებას.

მიხეილ ბატიაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ იქამდე სანამ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არ დადებს დასკვნას, თუ რა მოცულობის სამუშაოები შეასრულა კანადურმა კომპანია „ბეჰლენ ინდასთრმა“, სამინისტრო ტენდერს ვერ გამოაცხადებს და სპორტის სასახლის მშენებლობას ვერ გააგრძელებს.

„მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ შეწყვიტა თანამშრომლობა კანადურ კონტრაქტორ კომპანიასთან. ახლა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ადგენს, თუ რა მოცულობის სამუშაოები განახორციელა „ბეჰლენ ინდასთრმა“, რომ მოხდეს თანხის ანაზღაურება. სანამ სამართლებრივი დავა არ დასრულდება, იქამდე, ვერ გამოაცხადება ახალი ტენდერი,“-გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

კანადურ სამშენებელ კომპანიას სამინისტრომ ხელშეკრულება მას შემდეგ შეუწყვიტა რაც გაირკვა, რომ კალათბურთის მოედნის მოსაწყობად კომპანიამ უხარისხო მასალა შეიძინა.

ცნობისთვის,გორში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. მრავალამილიონიანი, ორ დარბაზიანი სასახლის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები