შშმ პირი აცხადებს, რომ გორთან პატრულმა ეტლით სარგებლობის უფლება არ მისცა
შშმ პირი, მორალური და ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უჩივის. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში 2019 წლის მაისში დარეგისტრირდა. თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებმა იმაზე იმსჯელეს, თუ რომელი კოლეგიის განსახილველი იყო დისკრიმინაციული ნიშნების შემცველი საქმე.

შშმ პირის მიმართ გამოჩენილი დისკრიმინაციული ნიშნების მქონდე ფაქტი 2016 წლის 15 ივნისს, გორთან, ავტობანზე მოხდა. ეტლით მოსარგებლე დავით ხ. მეგობრებთან ერთად ქუთაისისკენ მიდიოდა. სარჩელის მიხედვით, მანქანა, გაუმართაობის გამო, ავტობანზე გაჩერდა. მათთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. ეკიპაჟის წევრებსა და მანქანის მგზავრებს შორის, კონფლიქტი მოხდა.

,,მეგობარს ვთხოვე ეტლის საბარგულიდან გადმოტანა, ვინაიდან მანქანაში ხანგრძლივი დაყოვნების გამო, მესაჭიროებოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩემ მეგობრებს საბარგულიდან ეტლის გადმოტანის უფლება არ მისცეს - აღნიშნულია სარჩელში.

შშმ პირი აღნიშნავს, რომ შარდის შეკავების გამო ძლიერი სპაზმი დაეწყო. სარჩელში განმარტებულია, რომ მას ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ ეტლში ჯდომის პირობებში შეუძლია, რადგან ეტლი მორგებულია მის საჭიროებებს.

,,აუტანელი ფიზიკური ტკივილების გამო, რაც შეკავებასთან არის დაკავშირებული, იძულებული ვიყავი ბიოლოგიური მოთხოვნილება დამეკმაყოფილებინა ავტომანქანაში, ჩაცმულ მდგომარეობაში.“ - წერია სარჩელში.

სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში შშმ პირს არ მიეცა ეტლით სარგებლობის შესაძლებლობა და მთელი ეს პერიოდი მოუწია ავტომანქანაში ყოფნა, გარკვეული პერიოდი კი სველ მდგომარეობაში ყოფნა, რის გამოც აეწვა ჭრილობა, რომელსაც წლების მანძილზე მკურნალობდა და მიძინებული ჰქონდა.

შშმ პირმა გენერალურ ინსპექციაში დარეკა. ზარის შემდეგ, ავტობანზე გენინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ. მათსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის შედგა საუბარი. შემდეგ, შშმ პირს შესთავაზეს ეტლით სარგებლობა. ვინაიდან მოსარჩელეს ბიოლოგიური მოთხოვნილება უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა და სველ მდგომარეობაში მანქანიდან გადასვლა ეუხერხულებოდა, ეტლში გადაჯდომაზე უარი განაცხადა.

შშმ პირმა მანქანიდან ეტლში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მას მეგობარმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მალე მიაკითხავდა. ხოლო მათი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.

შშმ პირის ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ მეგობარმა გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი მიუტანა, მეგობრის მისვლამდე კი იგი სველ მდგომარეობაში იცდიდა ქუჩაში.

სარჩელში აღნიშნულია, რომ შშმ პირს არ მიეცა უფლება თავისუფლად გამოეყენებინა ეტლი და დაეკმაყოფილებინა ბუნებრივი მოთხოვნილება. პატრულ ინსპექტორების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ იგი იმყოფებოდა განსხვავებულ მდგომარეობაში და მას ესაჭიროებოდა განსხვავებული მოპყრობა. კერძოდ, სამართალდამცავების მხრიდან უმოქმედობაც კი გამოიწვევდა მოსარჩელის კანონიერი უფლებების დარღვევას.

შშმ პირი და მისი ინტერეების დამცველი ითხოვენ, რომ დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს #2 განყოფილების პატრულ ინსპექტორების ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი; ასევე დადგინდეს მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, ხოლო შს სამინისტროს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს პროკურატურა იძიებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები