ახალი ამბები
წნელისის კრიზისი

ფოტოზე: ირაკლი ანთიძე, კახაბერ ქემოკლიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი

შუაღამეს, 30 აგვისტოს დილის 1 საათზე, ცენტრალური და საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებს შსს-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს: ჩორჩანა-წნელისში წასასვლელად შესაბამისი გამავლობის მანქანები მზად დაგხვდებათ და საგუშაგომდე მიგიყვანთო.

ეს შეთავაზება რეგიონალურ მედიის წარმომადგენლებს, შიდა ქართლში, არ მიუღიათ. დაახლოებით ღამის 2 საათზე სოციალურ ქსელში რამდენიმე კოლეგამ ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ჩორჩანა-წნელისის გზაზე მათ გამგზავრებას ასახავდა.

ამ დროს არავინ იცოდა, რა მოხდებოდა დილის 6 საათზე? 29 აგვისტოს ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ უკანონო საგუშაგო პოსტი დილის 6 საათამდე უნდა აიღოთო.

გზა ჩორჩანადან წნელისამდე

ჩორჩანადან წნელისის საგუშაგომდე თითქმის 3 კმ-ია. ერთი ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე - ზნაურის რაიონს, რომელსაც რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ. ორ სოფელს შორის, მთები და გაუვალი ტყეა, ასევე მდებარეობს ტალკის ყოფილი საბადო. იქ საბჭოთა პერიოდში ორივე სოფლის მოსახლეობა მუშაობდა.

ჩორჩანადან წნელისამდე გზის გაყვანა დიდი ხნის წინ დაწყებულა. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ვხედავდით, რომ ხეები ამოძირკვულია, ხოლო ნიადაგი მოსწორებული. ტექნიკა დღესაც მუშაობდა.  


ფოტოზე: გზა ჩორჩანადან საგუშაგომდე

გზის გასწვრივ სპეციალური ,,ჯიბეებია" მოწყობილი. ეს იმიტომ, რომ შემხვედრმა მანქანებმა ერთმანეთს გვერდი აუაროს. 

,,ბოლო დროს, მანდ ტყეში ხალხი შეშაზე დადიოდა. რაც გზის გაყვანა დაიწყეს, შეშის გამო ტყეში წასვლას ვეღარავინ ბედავს“ - გვითხრეს ჩორჩანაში. მოსახლეობის თქმით, გზის გაჭრის შემდეგ მივხვდით, რომ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ვცხოვრობთო

,,აქამდე ვერც ვგრძნობდით, რომ ჩვენი სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარეობდა. რაც ეს მოძრაობები დაიწყო, მივხვდით, რომ სწორედ ასეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. ჩვენი პოლიციის მოძრაობა კარგია, რადგან ვგრძნობთ, რომ პოლიცია გვიცავს“ - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელიც ძალიან სწუხს იმაზე, რომ უგზოობის გამო, სოფელში საპენსიო მანქანაც კი, არ მიდის.



საგუშაგოს მშენებლობა

ტყეში გაჭრილი გზა, ბოლოს, ქვევით ეშვება. მკვეთრი დახრილობის მონაკვეთზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე მანქანა დაგხვდა. ხეებს შორის საგუშაგოც გამოჩნდა. საგუშაგოს თავზე ქართული დროშა ფრიალებს:

საქართველოს შს სამინისტროს მიერ მოწყობილი საგუშაგო იმ ხეობას აკონტროლებს, რომელშიც ზნაურის (ამჟამინდელი ყორნისის) რაიონის სოფლები: წნელისი და გვირგვინა მდებარეობს.

დღეს ჟურნალისტებს იმის შესაძლებლობა გვქონდა, რომ ამ ორი სოფლის მიდამოები, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ, საგუშაგოდან დაგვენახა.


ფოტო საგუშაგოდან - სოფელი წნელისი

საგუშაგოს ქვევით სოფელი წნელისი იწყება. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მჭიდროდ დასახლებული პუნქტი უფრო შორსაა. ჩვენ მხოლოდ სოფლის განაპირა მხარეს მდებარე ნანგრევებს ვხედავდით. აშკარაა, რომ ჩვენს წინ მდებარე შენობები რაღაც მეურნეობას ეკუთვნოდა, რომელიც საბჭოთა პერიოდში არსებობდა. ფანჯრებს არც მინები აქვს, ხოლო სახურავები დაზიანებულია. 

სოფლის გვერდით სამანქანო გზაა. გზის მეორე მხარეს ფერდობია, სადაც რუსი ან ოსი სამხედროები დგანან. როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის მედიასთან საუბრისას განაცხადა, წნელისთან ოსური საგუშაგოც განთავსდება.

ერთ-ერთ დანგრეულ შენობის სიახლოვეს, დღეს ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ მოლაპარაკების პროცესს. მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ესწრებოდნენ ასევე რუსეთის წარმომადგენლები. შეხვედრის ადგილის სიახლოვეს ვერცხლისფერი რუსული წარმოების ,,09“ მარკის ავტომანქანა მოძრაობდა. თქვეს, რომ ამ მანქანით მივიდნენ ოსური მხარის წარმომადგენლები.

სიტუაცია მოლაპარაკებამდე - 29 აგვისტო

ასეთი იყო ვითარება დღეს 30 აგვისტოს იმ საგუშაგოზე, რომლის მიმართ დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ეგორ ყოჩიევმა პრეტენზია გამოთქვა და ულტიმატუმი ერგნეთში წამოაყენა. წინა დღეს, 29 აგვისტოს ყოჩიევმა განაცხადა, რომ საქართველოს შს სამინისტრომ მომდევნო დილის 6 საათამდე უნდა აიღოს ბლოკპოსტი. ეს ციტატა სააგენტო ,,რესზე" გავრცელდა, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.

საუბარია ერგნეთის 95-ე შეხვედრაზე, რომელიც დე-ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ ნაადრევად დატოვა. ცხინვალის დელეგაციის წევრები ამტკიცებდნენ, რომ თბილისმა წნელისთან უკანონო საგუშაგო მოაწყო, რადგან საგუშაგო, მათი აზრით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსდა.

,,ოსურმა მხარემ მოსთხოვა ქართულ დელეგაციას 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მოახდინოს პოსტის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში რესპუბლიკა ყველა ღონეს იხმარს თავისი ხალხის და საზღვრის დასაცავად." - ციტირებს სააგენტო ,,რესი"

იგორ ყოჩიევის ნათქვამში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარისგან პირობა არ შესრულდებოდა, დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ,,მიიღებდა ყველა სამართლებრივ ზომას სამხრეთ ოსეთის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად."

ერგნეთში გამართული შეხვედრის დეტალები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ასე განმარტა:

,,შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM -ის (ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების) ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ IPRM-ი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შესაძლებალია განხილული იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს შეხვედრა,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა.

ერგნეთის შეხვედრის პარალელურად, დე-ფაქტო ხელისუფლების დაქვემდებარებულ სოფლებში, გვირგვინასა და წნელისში დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ მათ უსაფრთხოებას დე-ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაიცავენ.

დაძაბული 30 აგვისტო

ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, საგუშაგოზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების მისვლა უზრუნველყო. შუაღამეს ცენტრალური და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს გააგებინეს, რომ შეეძლოთ ჩორჩანა-წნელისს შორის არსებულ საგუშაგოზე მისვლა და მოვლენების გაშუქება.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა ადგილობრივ მედიას ამის შესახებ არ აცნობა. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ცენტრალური არხების გადამღები ჯგუფი დილის 6 საათს საგუშაგოზე შეხვდნენ.


ფოტო: მოლაპარაკება დანგრეულ შენობაში - გადაღებულია საგუშაგოდან, რომელიც 30 აგვისტოს მოლაპარაკების პროცესს ასახავს.

საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმი არ შეასრულა და ბლოკსაგუშაგო არ გააუქმა.

ულტიმატუმის ვადის გასვლიდან 2 საათის შემდეგ, დილის 8 საათზე, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ სოფელ წნელისში მდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოძრაობა დაიწყეს. ქართული პოლიციის საგუშაგოზეც ხალხი ემატებოდა, როგორც პოლიციელები, ასევე, მედიის წარმომადგენლები.

საგუშაგოზე იმყოფებოდნენ ასევე ერგნეთის წინა დღის შეხვედრის მონაწილეები - კახაბერ ქემოკლიძე და ირაკლი ანთიძე. ყოჩიევმა, სწორედ, მათ უთხრა ერგნეთში, რომ დილის 6 საათამდე აიღეთ საგუშაგოა. 

საათი საათს მისდევდა. ყველა რაღაცას ელოდა, თუმცა არავინ იცოდა - რას. ნუთუ შეტევა დაიწყება? ქართული დროინი ხეობის თავზე ტრიალებდა, საგანგაშოს არაფერს იტყობინებოდა. რა ხდებოდა ცხინვალში, მედიის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ. ოსური სააგენტოები არაფერს სწერდნენ.  კრიზისული სიტუაცია შუადღემდე გაგრძელდა. მედიის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით მხარეები ეკონტაქტებოდნენ და საუბრობდნენ.

ამასობაში ჩვენ სოფელ ჩორჩანას მივაღწიეთ. ჩვენი მანქანა გაუვალ ტყეში ვეღარ მიდიოდა. გზად აჭარის ტელევიზიის მანქანა - ,,ჯიპი" წამოგვეწია. ყველანი იქ მოვთავსდით და მივედი საგუშაგოზე.



ცოტა ხანში ჟურნალისტებს აცნობეს, რომ აქვე, სოფელ წნელისის მიმდებარედ დანგრეულ შენობაში, კედლებს შორის, გაიმართება მოლაპარაკებები, რომელში მონაწილეობას, ასევე, IPRM-ის წარმომადგენლები მიიღებდნენ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის მისიის წევრებთან ერთად, წნელისის ერთ-ერთ დანგრეულ შენობასთან მივიდნენ. იქ ასევე მივიდნენ დე-ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ვხედავდით, რომ პატარა მდინარეს მეორე მხარეს ბრონზის ფერი ,,09" მარკის რუსული ავტომობილი მოძრაობდა. იქიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა. მოვიდნენ რუსეთის წარმომადგენლებიც, სამხედრო მანქანით. მოლაპარაკება თითქმის 3 საათს გაგრძელდა.

მოლაპარაკების შედეგი



ფოტო: მოლაპარაკების შემდეგ თბილისის დელეგაციის წევრები საპოლიციო განყოფილების ხელმძღვანელებს ესაუბრებიან

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას.

„შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა. ამის გარდა, შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ფაქტობრივად შევუდგებით დღეიდანვე," - განაცხადა ქემოკლიძემ.



რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს, ცხინვალის დელეგაციამ ამ კუთხით, მკვეთრი პოზიცია აღარ გამოხატა:

„პირველი და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახაა, რომ ბლოკ-საგუშაგო, რომელიც განთავსებულია ერთადერთი მიზნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, და ჩვენ, კითხვები, რომელიც ბლოკ-საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ ცხინვალის წარმომადგენლებს, ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს, უსაფრთხოების დაცვას. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და ჩვენი არგუმენტებით, გარკვეულ წიალდ დავარწმუნეთ, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების, რომლებიც ამ საგუშაგოზე არიან განთავსებულები, უსაფრთხოების დაცვაა. მომდევნო კვირაში ჩაინიშნა ერგნეთში შეხვედრა, სადაც ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ ამ საკითხზე,“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ, შს მინისტრის მოადგილემ.



დღის საბოლოო შედეგი - მეორე ბლოკპოსტი წნელისთან

,,წნელისის კრიზისი“ საბოლოოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაც საგუშაგოს მოაწყობს. განცხადება დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღის ბოლოს გაავრცელა.

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დღის ბოლოს, წნელისის მეორე მხარეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აფრიალდა.

სოფელი ჩორჩანა, რომელიც არავის ახსოვდა

როგორც აღვნიშნეთ, სოფელი ჩორჩანა ახალი საგუშაგოდ დაახლოებით 3 კმ-ით არის დაშორებული. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი დღის ბოლოს გამოჩდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

რუსუდან მინდიევი ამბობს, რომ წლების განმავლობაში, სოფელი საკუთარი პრობლემების ამარა ცხოვრობდა:



,,აქ იყო უგზოობა, არავინ იცოდა ჩვენი სოფელი სად მდებარეობდა. უსაფრთხოდ, მეტ-ნაკლებად ვგრძნობდით თავს, რადგან არც აგვისტოს ომის დროს და არც მის შემდეგომ, აქ რუსი და ოსი სამხედროები არ შემოსულან. ამ ახალი საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ, უფრო, დაიძაბა სიტუაცია. სოფელი არ დაცლილა, უბრალოდ, დროებით მოვარიდეთ ბავშვები სოფელს“ - აცხადებს რუსუდან მინდიევი.

პენსიონერი მოსახლეობა კი, აცხადებს, რომ ფინანსურად მოსახლეობას ძალიან უჭირს:

,,თავის გატანა ხალხს ძალიან უჭირს. გაიხედეთ-გამოიხედეთ, რა მოსავალი მოდის ჩორჩანაში? არაფერი. კარგი იქნება, თუ სოციალურ დახმარებას ყველა ოჯახს დაუნიშნავენ. სულ რაღაც 20 კომლი ცხოვრობს. წარმოდგინეთ, პენსიის მანქანაც კი, არ მოდის სოფლამდე, რომ პენსია მოიტანოს. 20 ლარი მეხარჯება იმისთვის, რომ პენსიის ასაღებად წავიდა მეზობელ სოფელში ან ხაშურში“

Print

სტატიის გამოყენების პირობები