დავით ქაცარავას ,,დრონმა" საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობთან, რომელიც ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის სიახლოვეს მდებარეობს, დე-ფაქტო ხელისუფლების კუთვნილის უპილოტო საფრენი აპრატი - ,,დრონი" ჩამოაგდეს. ამის შესახებ განცხადება მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ შუადღეს გააკეთა.

მისი თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ,,გაანეიტრალეს" მეორე დრონით, რომელსაც ,,ძალა ერთობაშიას" წევრები მართავდნენ.

„ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცოტა ხანში „რუსოსებმა“ ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი. საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ? ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?“- წერს ქაცარავა.

,,განეიტრალებული" დრონი, შემდგომში, დავით ქაცარავას მოძრაობის წევრებს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩამოართვეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, უპილოტო საფრენ აპარატს საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

,,1 სექტემბრის დილის 10 საათზე ქართულმა მხარემ აპარატს გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისკენ იყო მიმართული. უპილოტო საფრენი აპარატი სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებს ეკუთვნოდა. ის სოფელ წნელისის მაცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით ჰუმანიტარულ ოპერაციას ატარებდა და ვიდეოთვალით სახელმწიფო საზღვართან განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა. ",- აღნიშნულია განცხადებაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი თვლის, რომ უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა არის ცალსახა პროვოკაცია და მტკიცებულება, რომ ქართული მხარე მოკლებულია მოლაპარაკების უნარს და ორიენტირებულია კიდევ ერთ შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაზე სამხრეთ ოსეთთან.

ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს.

„საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები