მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება ბახტაძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და

აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცია.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.
განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს", - წერს ბახტაძე.


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებლად ითვლება.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

მმართველი გუნის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, 3 სექტემბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები