ნიქოზში მე-9 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

6 დღის განმავლობაში ფესტივალზე წარმოდგენილია ფრანგული, ლატვიური, პოლონური, გერმანული და სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმები, ასევე მოეწყობა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.

ფესტივალის სტუმრები შეხვდებიან წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასაც. საფესტივალო პროგრამა 6 სექტემბერს გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით დასრულდება.

ფესტივალის გახსნას სასულიერო პირებთან ერთად კულტურის სფეროს და ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი.

„მთელი ჩვენი პოლიტიკა გათვლილია იმაზე, რომ ჩართულობის, შერიგების გზით და ძალიან პრაგმატული მექანიზმებით ხელი შევუწყოთ ჩვენ თანამოქალაქეებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, გავუზიაროთ სხვადასხვა შესაძლებლობა, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

ერთად შევქმნათ ის მომავალი, რომლისკენაც, დარწმუნებული ვარ, სწრაფვა გვაერთიანებს - უკეთესი მომავალი და არა ხელოვნური მავთულხლართებით დაჩეხილი, რომელსაც, საუბედუროდ, დღეს რუსული ოკუპაცია ქმნის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პასუხით, ასეთი თავდადებითა და სიყვარულით ჩვენს მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, თანამედროვე შემოქმედების ფესტივალის ისტორია სოფელ ნიქოზში 2011 წელს დაიწყო, ფესტივალს სიმბოლური მისამართი აქვს და საგანმანათლებლო ფუნქციას ატარებს.

ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის იდეა წლებია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას და მხატვარ გელა კანდელაკის სახელებს უკავშირდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები