დე-ფაქტო ხელისუფლება უპილოტო საფრენი აპარატის დაბრუნებას ითხოვს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება იმ უპილოტო საფრენი აპარატის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც 1-ელ სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსთან ჩამოაგდეს.

დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურას განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დააზიანეს.

,,სამხრეთ ოსეთის KGB პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის კუთვნილი აპარატი საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა მიზანმიმართული ცეცხლის გამოყენებით ჩამოაგდეს. ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართულებით," - აღნიშნულია დე-ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტის განცხადებაში..

ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლების მტკიცებით, სროლის ფაქტს ადგილობრივი მაცხოვრებლები ადასტურებენ ჩვენებით, რომლებიც არც თუ ისე შორს იყვნენ ინციდენტის შემთხვევის ადგილიდან და ესმოდათ სროლის ხმა.

დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის ოფიციალური ვერსია, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, მცდარია:

"საქართველოს ხელისუფლების განცხადებაში ინციდენტის შესახებ ნაჩქარევად გაყალბებული ვერსია წარმოადგინეს. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის კუთვნილი აპარატი მიწაზე ქართული სამოქალაქო უპილოტო აპარატის შეჯახების შედეგად დაეცა.

,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს ესმის, რომ ქართული მხარის სურვილია წარმოაჩინოს ეს ინციდენტი, როგორც მაღალტექნოლოგიური განვითარების შედეგი, თუმცა, ეს ფაქტი, სამწუხაროდ, არ შეესაბამება სინამდვილეს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ცხინვალში მიაჩნიათ, რომ ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია უპილოტო საფრენი აპარატის დაბრუნება IPRM- ის შეხვედრის ფარგლებში, რათა განხორციელდეს აპრატის შესაბამისი შემოწმება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები