,,გორის მერიის სატენდერო კომისია ცხვრის ფარას ჰგავს"- კომპანია ,,გიორგი ჯინო"
,,ამ კომისიას მხოლოდ ერთი კაცი მართავს. თუ ის იტყვის, რომ მოდი გადავხტეთ ხევში, დანარჩენებიც გადახტებიან. ცხვრის ფარასავით არიან" - აცხადებს კომპანია ,,გიორგი ჯინოს" წარმომადგენელი გიორგი ჯინიოზაშვილი. იგი qartli.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მერიის შესყიდვების სამსახურს ერთი კაცი - ტარიელ მეტრეველი მართავს:

,,რეალურად, რასაც ეს კაცი ამბობს, იმას ასრულებენ დანარჩენები. ჩემი აზრით, კომისიის წევრების შემადგენლობას კომპეტენცია საერთოდ არ გააჩნია. რეალურად, სხდომის ოქმები რომ წაიკითხოთ, ამას ადვილად მიხვდებით. სამი საჩივარი დავწერე მათ წინააღმდეგ, აქედან ერთი მოვიგე, ერთი ნაწილობრივ დამიკმაყოფილეს. ბოლო საჩივარი არც განხილულია, ტექნიკური ხარვეზი დამიდგინდა და აღარც მივყევი ბოლომდე, აზრი არა აქვს გორის მერიასთან დავას" - აცხადებს ჯინიოზაშვილი.

შპს ,,გიორგი ჯინო" ახალციხეში დარეგისტრირებული კომპანიაა. მისმა ხელმძღვანელმა მონაწილეობა ერთ-ერთ ბოლო ტენდერში მიიღო, რომელიც სოფელ რეხის სასაფლაოზე ღობეების მონტაჟს ეხებოდა. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ გორის მერიის სატენდერო კომპისია ამა თუ იმ კომპანიას, ხშირ შემთხვევაში, დისკვალიფიკაციას პირადი ინტერესებისა და შეხედულებების გამო, ანიჭებს:

,,წარმოიდგინეთ, გამარჯვებულად აცხადებენ კომპანიას, რომელსაც წარდგენილი არა აქვს ის დოკუმენტები, რომელსაც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები ითვალისწინებს. მაგალითად, ითხოვდნენ ინფორმაციას ხარჯთაღრიცხვის შესახებ, რომელიც უნდა ყოფილიყო გაწერილი გრაფიკის მიხედვით. სწორედ, ასეთ საკითხებზე მქონდა ბოლოს დავა, თუმცა, საჩივრის განხილვა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული საჩივრის ფასი მინიმუმ 500 ლარია" - აცხადებს ჯინიოზაშვილი.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელის პრეტენზიებს პასუხს არ გასცემენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები