გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულაციების საკითხზე გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარეული ცხოველების რეგულაციების თემაზე გორის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამართა, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას.

მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.

,,წელს გიურზას მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ისიც, არაოფიციალური ინფორმაციით. როგორც გვაცნობეს, გიურზა მანქანას გამოჰყოლია და მოსახლეობას უნახავს. არც ის შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ გიურზა იყო" - აცხადებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი.

შეხვედრისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები