მეჯვრისხევში 3 დღის განმავლობაში ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გაიმართება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ავრცელებს.

ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. დებატები იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება.

,,ტურნირის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდების ცნობიერების ამაღლებას მოცემულ სფეროში, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას, და რაიმე საკითხზე ორმხრივი შეხედულების ჩამოყალიბებას. ტურნირი დაიწყება ოთხშაბათს 12 საათზე და გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში" - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

შეხვედრები 4 სექტემბერს, ოთხშაბატს დაიწყება. პირველ დღეს მონაწილეები რეგისტრაციას და ტრენინგს გაივლიან, ასევე, გაეცნობიან საჩვენებელ თამაშს. მომდევნო ორ დღეს კი, სადებატოდ შეიკრიბებიან.

რას გულისხმობს ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები?

ბრიტანულ საპარლამენტო დებატებში რეზოლუცია ყოველთვის გამოიხატება მთავრობის სახელით, ხოლო ოპოზიციის მთავარი დანიშნულებაა, რომ რაც შეიძლება გასაგებად და ნათლად მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობის აღნიშნული გეგმა/გადაწყვეტილება არაპრაქტიკული ან ამორალურია.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საპარლამენტო დებატებში არის „პუნქტი ინფორმაციისთვის“. ეს პუნქტი დებატების მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შეაწყვეტინოს სპიკერს მონოლოგი და დაუსვას მას შეკითხვა, ან მოსთხოვოს კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის დაკონკრეტება, ან „პუნქტი“ გამოიყენოს მისი მხარის შეხედულების კიდევ უფრო გასამყარებლად. (შესაბამისად, ამ პუნქტებს შეიძლება ეწოდოს „პუნქტი დაზუსტებისთვის“, „პუნქტი შეკითხვისთვის“).

თამაშის წესებით, სავალდებულო არ არის გამომსვლელი ყველა შემთხვევაში დათანხმდეს „პუნქტს ინფორმაციისთვის“, ანუ „აიღოს“ ის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მსაჯების მიერ აღქმულ იქნეს გამომსვლელის სისუსტედ (ის თავს არიდებს ოპონენტის შეკითხვას), რაც საერთო ჯამში მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ჩვეულებრივ, გამომსვლელის განკარგულებაში მყოფი დროის პირველი და ბოლო წუთები ე.წ. „პუნქტისგან დაცული დროებია“, როცა ოპონენტებს არ შეუძლიათ „პუნქტით“ შეაწყვეტინონ საუბარი გამომსვლელს.

უმეტეს საპარლამენტო ფორმატებში პირველ გამომსვლელს პრემიერ–მინისტრს უწოდებენ, ხოლო ოპოზიციის პირველ გამომსვლელს – ოპოზიციის ლიდერს.

ბრიტანული საპარლამენტო დებატები 8 სპიკერისგან შედგება, ისინი 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი: 2–2 მთავრობა, 2–2 ოპოზიცია.

უმეტეს შემთხვევაში რეზოლუცია ფორმირებულია ასე: „ამ პალატას სჯერა...“, „ეს პალატა მხარს უჭერს...“

როგორც ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატი ითვალისწინებს, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მოქმედების გეგმა და დაასაბუთოს იგი ფილოსოფიური, პრაქტიკული და შედეგობრივი არგუმენტებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები